ამ დროს ისრაელს ჰეზბოლას წინააღმდეგ ომი აქვს. შეხვედრა დიპლომატიური მცდელობაა, რომლის ფონზე ისრაელი გამორიცხავს ცეცხლის შეწყვეტას და ბეირუთისგან მოითხოვს ჰეზჰოლას, რომელსაც ირანი უჭერდა მხარს, განიარაღებას.
შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და ირანს შორის მყიფე ცეცხლის შეწყვეტის ერთი კვირის შემდეგ, ლიბანში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის პარალელური ომი პაკისტანის შუამავლობისთვის უფრო ფართო გამოწვევაა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დაესწრება აშშ-ში ისრაელის ელჩის, იეხიელ ლეიტერის და მისი ლიბანელი კოლეგის, ნადა ჰამადეჰ მოაუადის შეხვედრას, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ეს იშვიათი შეხვედრაა იმ მთავრობების წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ტექნიკურად ომის მდგომარეობაში იმყოფებიან ისრაელის 1948 წელს დაარსების დღიდან.
ლიბანის მთავრობამ პრეზიდენტ ჟოზეფ აუნისა და პრემიერ-მინისტრ ნაუაფ სალამის ხელმძღვანელობით, ისრაელს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა, ჰეზბოლას წინააღმდეგობის მიუხედავად, რაც ასახავს შიიტ მუსლიმურ დაჯგუფებასა და მის ოპონენტებს შორის დაძაბულობის გაუარესებას.
აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანში საომარი ოპერაციის დაწყების შემდეგ, ჰეზბოლა 2 მარტს ჩაერთო ომში თეირანის მხარდასაჭერად, რის შემდეგაც ისრაელმა გააძლიერა ლიბანზე თავდასხმები. ამ თავდასხმების შედეგად, ლიბანის ხელისუფლების ცნობით, 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1,2 მილიონი მოქალაქე იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.
ლიბანში დაღუპულთა შორის 252 ქალი და 166 ბავშვია, აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.
ლიბანის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ სამშაბათის შეხვედრაზე მხოლოდ მოაუადია უფლებამოსილი, განიხილოს ცეცხლის შეწყვეტის საკითხი.
თუმცა ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა შოშ ბედროსიანმა განაცხადა, რომ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის საკითხს არ განიხილავს.
„ჩვენ გვინდა... დავინახოთ, რომ ლიბანი მზადაა ჰეზბოლას განიარაღებისთვის... ასევე სამხრეთ ლიბანის დემილიტარიზაციისთვის და ასევე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად“, - განაცხადა მან ორშაბათს.
ლიბანის სახელმწიფო ცდილობს ჰეზბოლას მშვიდობიანად განიარაღებას 2024 წელს შეიარაღებულ რაზმებსა და ისრაელს შორის ომის შემდეგ. ლიბანის ნებისმიერი ნაბიჯი მისი ძალის გამოყენებით განიარაღებისკენ საფრთხეს უქმნის კონფლიქტის გაღვივებას ქვეყნის შიგნით, რომელიც 1975 წლიდან 1990 წლამდე სამოქალაქო ომმა გაანადგურა.
ამჟამინდელმა მთავრობამ აკრძალა ჰეზბოლას სამხედრო ფრთა მას შემდეგ, რაც მან გასულ თვეში ცეცხლი გახსნა ისრაელის წინააღმდეგ.
ისრაელმა და აშშ-მ განაცხადეს, რომ ჰეზბოლას წინააღმდეგ კამპანია არ იყო ირან-აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი, თუმცა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ზავი ლიბანსაც მოიცავს, როგორც ირანმა მოითხოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა ლიბანზე თავდასხმები გააგრძელა, ბეირუთზე საჰაერო დარტყმები არ განხორციელებულა გასული ოთხშაბათის შემდეგ, როცა დედაქალაქის 10-წუთიან დაბომბვას ლიბანში ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მეორე დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უთხრა, რომ ლიბანში „შეუმჩნევლად“ იმოქმედებდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა
თქვა, რომ ისრაელი ჰეზბოლასთან ომობს და არა ლიბანთან, ამიტომ არ არსებობს მიზეზი, რომ მათ არ ისაუბრონ. მან მოლაპარაკებები შეაფასა, როგორც პირდაპირი, მაღალი დონის და პირველი ასეთი ტიპის შეხვედრა 1993 წლის შემდეგ.
ჰეზბოლას ლიდერმა ნაიმ ყასემმა ორშაბათს მოუწოდა მთავრობას შეხვედრის გაუქმებისკენ და თქვა, რომ ჰეზბოლა გააგრძელებს ლიბანზე ისრაელის თავდასხმების წინააღმდეგობას.
ფორუმი