აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი დაადანაშაულა ჰორმუზის სრუტით ნავთობის შეუფერხებლად გატარების სამუშაოს „ძალიან ცუდად“ და „არაკეთილსინდისიერად“ შესრულებაში. 9 აპრილს, გვიან ღამით ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ ეს არ არის ის შეთანხმება, რომელიც აქვთ.
ტრამპი გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებსაც, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში გავლის სანაცვლოდ ტანკერებს ფულს ახდევინებს და განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ირანი ამას დაუყოვნებლივ შეწყვეტს.
- შეერთებული შტატები და ირანი საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას 7 აპრილს დასთანხმდნენ. მხარეებს შორის შუამავალი პაკისტანი იყო.
სააგენტო AFP საზღვაო გადაზიდვების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 7 აპრილის შემდეგ ჰორმუზის სრუტე გაიარა ათმა სავაჭრო გემმა მაშინ, როცა საომარი მოქმედებების დაწყებამდე სრუტის გავლით დღე-ღამეში 140-მდე ტანკერი მოძრაობდა.
თავის მხრივ, ირანი აცხადებს, რომ საზავო შეთანხმება არ სრულდება, რადგან ისრაელი განაგრძობს სამხედრო ოპერაციას ლიბანში, ჰეზბოლას წინააღმდეგ.
- ისრაელის მთავრობამ, რომელმაც მხარი დაუჭირა აშშ-ის გადაწყვეტილებას ორკვირიანი ზავის შესახებ და ირანის დაბომბვა თავადაც შეაჩერა, 8 აპრილს განაცხადა, რომ შეთანხმება ჰეზბოლაზე არ ვრცელდება.
9 აპრილს ღამით ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება, რომ თეირანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის პირას იყო, მაგრამ სიტუაციაში პაკისტანი ჩაერია და ირანს აცნობა, რომ ისრაელის მოქმედებებს აშშ გააკონტროლებს.
გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით 9 აპრილს წერდა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს დაურეკა და უთხრა, რომ ესმის ისრაელის საჭიროება, თავი დაიცვას ჰეზბოლასგან, მაგრამ საზავო შეთანხმების დასაცავად შეტევის ინტენსივობა უნდა შეამცირონ.
10 აპრილის დილის მდგომარეობით, დარტყმების შესახებ იუწყებოდნენ როგორ ისრაელი, ისე ჰეზბოლა.
- ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებულ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. აშშ ამ პროგრამას გლობალურ საფრთხედ მიიჩნევს და მის დახურვას მოითხოვს, თეირანის თანახმად კი, პროგრამას მხოლოდ სამოქალაქო მიზნები აქვს.
- აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.
ფორუმი