როცა საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე საუბარი ვერ იქნება - ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი (ფოტო არქივიდან)

საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მოცემულობაში, როცა საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე საუბარი ვერ იქნება.

ამის შესახებ, მაკა ბოჭორიშვილმა ინტერპელაციიის ფარგლებში საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოსთვის“ მიერ გაგზავნილ კითხვებზე პასუხისას განაცხადა 15 აპრილს პლენარულ სხდომაზე.

რა ჰკითხეს ფრაქცია "საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა მინისტრს

  • როგორია სამინისტროს პოზიცია, სოხუმის აეროპორტისა და აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის, აგრეთვე გალის ე.წ. საბაჟო ტერმინალის აშენების ფონზე, რუსეთთან, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საკითხებზე, რომელსაც პერიოდულად აჟღერებენ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები?


რა უპასუხა მაკა ბოჭორიშვილმა

მაკა ბოჭორიშვილის თანახმად, სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას 2025 წლის 20 თებერვალს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა "სადაც აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ფრენები უკანონო და ხორციელდება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით".

ასევე "საქართველოს დიპლომატიური სამსახური მუდმივად აგრძელებს მუშაობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გვაქვს რაიმე ინსტრუმენტი გამოვიყენოთ ჩვენი გაცხადებული მიზნის – კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მისაღწევად".

ამ ფონზე, კი მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, "ამ მოცემულობაში, როცა საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე საუბარი ვერ იქნება. ასევე, არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც ასევე იყო კითხვები“, - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.

ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება ოკუპირებულ რეგიონებთან და რუსეთთან

მანამდე მან ასევე უპასუხა შეკითხვას - "რა არის მთავრობის პოზიცია საოკუპაციო რეჟიმებთან ძალის არგამოყენების ხელშეკრულების ხელმოწერაზე და ითხოვთ თუ არა ანალოგიური ვალდებულების აღებას რუსეთისგან?"

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით "ამ საკითხზე საქართველოს პოზიცია არის ძალიან მკაფიო, თანმიმდევრული და ურყევი" და ეს არის ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხიც.
"ზოგადად საქართველოს ხელისუფლებას აქვს გაცხადებული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკა, რასაც მიჰყვება და ახორციელებს და ამასთან ყველაფერი კეთდება აღნიშნული საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის. დამერწმუნეთ, ეს არ არის მარტივი გლობალურად მიმდინარე პროცესების ფონზე და მოითხოვს ყოველდღიურ მუშაობას დიპლომატიური სამსახურის მიერ", - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.

ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადების აუცილებლობას, რუსული მხარე აქტიურად აყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში თითქმის ყველა შეხვედრაზე, მათ შორის ეს იყო ხაზგასმული 2026 წლის 18-19 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდის დასრულების შემდგე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ქართული მხარე კი რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

ასევე ნახეთ

პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში მოსკოვს ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანა არ მოუთხოვია

საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

მოსკოვი თბილისს დიპლომატიური ურთიერთობების „აღდგენის სარგებელზე დაფიქრებისკენ“ არცთუ იშვიათად მოუწოდებს. თებერვლის შუა რიცხვებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთი მოწადინებულია საქართველოსთან „ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების გაფართოებისკენ“.

  • ზოგადად, საქართველო შეუძლებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხედრო ოკუპაციის პირობებში.
  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის და მოსკოვის მიერ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გამო შეწყვიტა.
  • მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს - საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილად. მათ „დამოუკიდებლობას“ რუსეთის გარდა, აღიარებენ მხოლოდ ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ.
  • მას შემდეგ, რაც 2024 წლის ბოლოს საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში „2028 წლამდე“ არ დააყენებს, - რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა და დასავლეთის ქვეყნებმა საგარეო კურსის ფორმალურად ცვლილებად შეაფასეს, - რუსეთი ხშირად აქებს თბილისს, განსაკუთრებით „დასავლეთიდან დესტრუქციულ გავლენებთან წინააღმდეგობის“ გამო.
  • რუსეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში მესამე ადგილზეა, - თურქეთისა და აშშ-ის შემდეგ.
  • 2025 წელს საქართველომ რუსეთში $745 მლნ-მდე ღირებულების პროდუქცია გაიტანა და იქიდან $2 მლრდ-მდე ღირებულების პროდუქცია შემოიტანა.


„აფხაზეთის რკინიგზის“ საკითხი

2026 წლის 12 თებერვალს მოსკოვში მორიგი განცხადება გაკეთდა თბილისთან ურთიერთობების „ნორმალიზების“ მზაობის მიმართულებით.

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ მოსკოვი განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას.

13 თებერვალს „საქართველოს რკინიგზიდან" რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილი წერილობითი პასუხის თანახმად, რკინიგზის პოზიცია ასეთია:

„საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში“.

ამ საკითხს ამ დრომდე გაგრძელება არ მოჰყოლია.

ასევე ნახეთ

აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა დღის წესრიგში - "საქართველოს რკინიგზა" ოვერჩუკის ნათქვამზე აფხაზეთის რკინიგზის შესახებ

სოხუმის აეროპორტი

2025 წლის 1 მაისიდან რუსეთმა რეგულარული სამგზავრო ავიამიმოსვლა დაიწყო მის მიერ ოკუპირებულ სოხუმში.

სოხუმიდან 18 კილომეტრში მდებარე აეროპორტი, რომელიც 1950-იან წლებში ააშენეს, 1990-იანი წლების საომარი მოქმედებების და აფხაზეთზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლის დაკარგვის შემდეგ, 1993 წელს დაიხურა.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას სოხუმის აეროპორტის კოდი ანულირებული აქვს.

თუმცა მას კოდი თავად რუსეთმა მიანიჭა და ფრენებიც მხოლოდ რუსეთის ქალაქების მიმართულებით დასავლეთის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიების მიერ ხორციელდება.

ასევე ნახეთ

სოხუმი მიფრინავს, თბილისი დუმს