12 თებერვალს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ მოსკოვი განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას.
„მიმდინარეობს სამუშაოები კავკასიაში ყველა დაზიანებული მარშრუტის განსაბლოკად, მათ შორის განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის, აფხაზეთის ტერიტორიის გავლით, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა“, - განაცხადა მან.
13 თებერვალს "საქართველოს რკინიგზიდან" რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილი წერილობითი პასუხის თანახმად, რკინიგზის პოზიცია ასეთია:
„საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში“.
რადიო თავისუფლება 12 თებერვალს, საღამოს დაუკავშირდა საქართველოს საგარეო უწყების პრესცენტრს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის საპასუხო კომენტარის თხოვნით, ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, რაიმე ფორმატში თუ ჰქონიათ მოლაპარაკებები მოსკოვთან, თუმცა პასუხი არ მიუღია. საგარეო უწყებას არც სხვა კომენტარი არ გაუკეთებია ოვერჩუკის ნათქვამზე.
საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის სურვილზე ხშირად საუბრობენ მოსკოვსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში.
ფორუმი