Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში მოსკოვს ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანა არ მოუთხოვია

2593431933
2593431933

2026 წლის 18-19 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდი გაიმართა. რაუნდის შემდეგ, მხარეებმა შედეგების შეჯამებისას მნიშვნელოვანი ცვლილეებების არარსებობის შესახებ განაცხადეს და შეინარჩუნეს მანამდე არსებული პოზიციები.

თბილისის პოზიცია

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მონაწილე დელეგაციები კვლავ მაღალ დონეზე იყვნენ წარმოდგენილი, რაც მოლაპარაკებების ფორმატის სტაბილიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"სახელდობრ, 2018 წლის შემდეგ პირველად, ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი, ხოლო გაეროს მხრიდან მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდა ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, ამერიკის, აზიისა და ოკეანეთის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, მუჰამედ ხალიდ ხიარი", - აცხადებს უწყება.

ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმების რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

IPRM-ის შეხვედრები გალში 2012 წელს სოხუმის გადაწყვეტილებით შეჩერდა და 2016 წელს განახლდა, აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ. თუმცა მოგვიანებით კვლავ შეჩერდა. მიზეზად იქცა ენგურის ხიდის გადაკვეთის პროცედურასთან დაკავშირებული სადავო საკითხი: ქართული მხარე მტკიცედ მოითხოვდა შიდა პასპორტების/ პირადობის მოწმობების გამოყენებას, აფხაზური მხარე კი - საერთაშორისო პასპორტების გამოყენებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, საქართველოს მხრიდან მწვავედ დაისვა საკითხი ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებზე.

"სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, მოლაპარაკების უმთავრესი საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, რომელიც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, როგორც წინა რაუნდების შემთხვევაში, დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა", - ნათქვამია უწტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოსკოვის პოზიცია

მოსკოვში მოლაპარაკებებს „ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიებს“ უწოდებენ. რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ხელმძღვანელობდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსა და „ორ ახალგაზრდა სუვერენულ რესპუბლიკას“ შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადების აუცილებლობას.

„ასეთი შეთანხმება დაადასტურებდა თბილისიდან აფხაზ და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან დაკავშირებით მომავალი შემრიგებლური სიგნალების სერიოზულობას და, საერთო ჯამში, საგრძნობ იმპულსს მისცემდა მოლაპარაკებების პროცესს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მოსკოვი, ისევე როგორც თბილისი, მხარს უჭერს გალის მექანიზმის განახლებას და მოუწოდებს საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის „სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის“ პროცესის დაწყებისკენ.

რუსულმა მხარემ კვლავ გააკრიტიკა თბილისი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის ხელშეწყობის გამო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში პირველად, მოსკოვის განცხადებაში ნახსენები არაა ჟენევის მოლაპარაკებების სხვა, უფრო „ნეიტრალურ“ ადგილას გადატანის აუცილებლობა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე 2022 წლიდან ამახვილებდა ყურადღებას, მათ შორის 61-ე, 62-ე, 63-ე, 64-ე და 65-ე რაუნდების შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზებში. ამჯერად, ამ საკითზე არაფერია ნათქვამი სოხუმსა და ცხინვალში გაკეთებულ განცხადებებში.

2022 წლიდან მოსკოვი გამოდიოდა დისკუსიების „უფრო ნეიტრალურ ადგილას“ გადატანის ინიციატივით. ამ პოზიციას იზიარებდნენ რუსეთის მიერ ოკუპორებული აფხაზეტსა და ე.წ. სამხერთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მოლაპარაკებების განართვის შესაძლო ადგილად, მათი მხრიდან სახელდებოდა მინსკი, ნაირობი და ასტანა. რასაც ეწინაარმდეგებოდნენ გაერო, ეუთო და ევროკავშირი.

აფხაზური პოზიცია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრამ „კიდევ ერთხელ აჩვენა მხარეთა მიდგომებში არსებული ფუნდამენტური განსხვავებები რეგიონში არსებული მდგომარეობის მიმართ“. დელეგაციას ხელმძღვანელობდა "საგარეო საქმეთა მინისტრი" ოლეგ ბარციცი.

„ჩვენ განვაცხადეთ ახალ რეალიებზე, რომლებიც ჩვენმა მეზობლებმა - საქართველომ - უნდა მიიღონ, სურთ თუ არა ეს. მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე გაჩნდა ორი სუვერენული სახელმწიფო - აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. ეს არ არის ვაჟრობის ან განხილვის საგანი, არამედ შემდგარი ფაქტია“, - თქვა მან.

აფხაზური მხარის ცნობით, დისკუსიის მონაწილეებმა მუშაობა განაგრძეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ დოკუმენტზე და "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვენ ამ დოკუმენტში ისეთი მექანიზმების ჩართვას, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება მათი სტატუსი და უზრუნველყოფილი რესპუბლიკების ხალხების უსაფრთხოება“.

„მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, გააგრძელონ კონსულტაციები ურთიერთმისაღები ფორმულირებების შემუშავების მიზნით, მიუხედავად შენარჩუნებული უთანხმოებებისა“, - ნათქვამია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.

"ამ საკითხის მშვიდობიან დარეგულირებას ალტერნატივა არ აქვს და რეგიონში არსებული სტატუს კვო მოლაპარაკების პროცესის ყველა მონაწილემ უნდა გაითვალისწინოს“, - დაამატა ბარციცმა.

ოსური მხარის პოზიცია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დელეგაციას დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინ კოჩიევი ხელმძღვანელობდა.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამისტროს თანახმად, დელეგაციამ განცხადება გააკეთა „ერედვის ტრაგედიის 35-ე წლისთავთან დაკავშირებით“, რომელშიც ხაზგასმულია „აუცილებლობა, გაკეთდეს ყველაფერი საქართველოს მხრიდან აგრესიის განახლების საფრთხის თავიდან ასაცილებლად“.

„შეხვედრაზე განიხილეს რიგი ჰუმანიტარული საკითხები, უპირატესი ყურადღება დაეთმო უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ბედს“, - ნათქვამია დე ფარტო უწყების განცხადებაში.

ოსური მხარის წარმომადგენლებმა ს ქართული მხარე გააკრიტიკეს თრუსოს ხეობაში „ოსების უფლებების დარღვევისთვის, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება მრავალი წლის განმავლობაში არ აძლევს საკუთარ სახლებსა და წინაპრების მიწების მონახულების საშუალებას“.

გარდა ამისა, ოკუპირებული სამხეთ ოსეთის დელეგაციის წარმომადლენლებმა განაცხადეს, რომ „ დევნილთა საკითხზე დისკუსიების განახლება შესაძლებელი მას შემდეგ გახდება, რაც საქართველო შეწყვეტს ამ ჰუმანიტარული პრობლემის პოლიტიზირების მიუღებელ მცდელობებს“.

თანათავმჯდომარეების პოზიცია

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად არსებული უთანხმოებისა, მოლაპარაკებები „შინაარსიანი და ღია იყო“.

„მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელება - როგორც კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მნიშვნელოვანი მოსაზრებების გაცვლის უნიკალური პლატფორმა - აჩვენებს მათ ერთგულებას ყველა გადაუჭრელი საკითხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიმართ. მათ ასევე აღნიშნეს ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი როლი სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს, რომ დღის წესრიგის ყველა ძირითად საკითხთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეულიყო დამხედველობიდან არ გამქალიყო კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესები“, - ნათქვამია განცხადებაში.

თანათავმჯდომარეების თქმით, პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობა და განაგრძეს მოსაზრებების გაცვლა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დღის წესრიგის საკითხზე „ძალის გამოუყენებლობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებზე“.

მეორე სამუშაო ჯგუფშის მონაწილეებმა ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს, მათ შორის გამყოფი ხაზების კვეთის, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების, განათლებისა და ჯანდაცვის, ასევე „განაგრძეს მოსაზრებების გაცვლა გადაადგილების თავისუფლებასა და გარე მობილურობაზე“.

„ იმის გამო , რომ ზოგმა მონაწილემ შეხვედრა დატოვა, შეუძლებელი გახდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების შესახებ დღის წესრიგში შეტანილი საკითხის განხილვა. თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ყველა მონაწილეს, განიხილონ დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი წინაპირობების გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

თანათავმჯდომარეების თქმით, შემდეგი რაუნდი 2026 წლის ივნისშია დაგეგმილი ჟენევაში.


ფორუმი

XS
SM
MD
LG