"ბაზისბანკმა" "ლიბერთი ბანკი" იყიდა

საილუსტრაციო ფოტოკოლაჟი

"ბაზისბანკმა" "ლიბერთი ბანკის" აქციების 95,99% შეიძინა.  ინფორმაციას გარიგების შესახებ "ბაზისბანკი" ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, რა ფასად გაიყიდა "ლიბერთი ბანკი".

"ბაზისბანკის" გენერალური დირექტორი დავით ცაავა აცხადებს, რომ გარიგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

რა იცვლება მომხმარებლებისთვის

"ბაზისბანკის" მიერ გავრცელებულ პრესრელიზის თანახმად, კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ცაავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე

  • ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას.
  • "ბაზისბანკის" მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ "ბაზისბანკში", ხოლო "ლიბერთი ბანკის" მომხმარებლები - "ლიბერთი ბანკში".
  • მომხმარებლებისთვის ყველა სერვისი, პროდუქტი და არხი მუშაობს შეუფერხებლად და მომსახურება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში.


"ბაზისბანკის" შესახებ:

"ბაზისბანკი" ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - ის სიდიდით რიგით მეოთხე ბანკია. მისი წილების დიდი ნაწილის მფლობელია ჩინური "ჰუალინგ ჯგუფი".
2025 წლის ფინანსური შედეგებით, ბანკის მთლიანი აქტივები 4,9 მლრდ ლარს შეადგენს. მთლიანი საკრედიტო პორტფელი 3,3 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი - 3,5 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 122,4 მილიონი ლარია.


"ლიბერთი ბანკის" შესახებ

"ლიბერთი ბანკი" ემსახურება 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.
ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5 600-ს აღემატება. ბანკის აქტივები 5,8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4,2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი - 4,17 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია.

გარიგების წინაისტორია

გასული წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რომ "ბაზისბანკის" მხრიდან "ლიბერთი ბანკის" ყიდვის საკითხი აღარ განიხილებოდა. „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელი ირაკლი რუხაძე ადასტურებდა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება გრძელდება და საუბარია ორი ბანკის გაერთიანებაზე.

მანამდე, 2025 წლის ივნისში, ირაკლი რუხაძემ „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.


ირაკლი რუხაძე, ბიზნესი და სანქციები

თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა, რომლებიც „ჰანიველ პარტნერსს“ წარმოადგენენ, გაყიდეს ტელეკომპანიები „იმედი" და GDS-ი.

„ტელეიმედის“ მფლობელი კომპანია გაიყიდა „სიმბოლურ ფასად“ - 1000 ლარად.

ასევე ნახეთ

„ტელეიმედი“ გაიყიდა - დოკუმენტაციის თანახმად, „სიმბოლურ ფასად“, 1000 ლარად

ირაკლი რუხაძე, - რომელიც პერსონა ნონ გრატად ჰყავთ გამოცხადებული უკრაინასა და ლიეტუვას, - „ჰანიველ პარტნერსის“ მეშვეობით, პარტნიორებთან ერთად, სხვა ბიზნესებსაც ფლობდა საქართველოში.

მათგან გამორჩეული იყო „ლიბერთი ბანკი“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.

ამასთან, "ბიზნესმედიის" ცნობით, რუხაძესა და ბიძინა ივანიშვილს საერთო ბიზნესინტერესები აქვთ „ქართულ ცემენტში“, ყოფილ „ჰაიდელბერგ ჯორჯიაში“.

„იმედისა“ და PosTV-ის სანქცირება

24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).

სანქცირების საფუძველია „დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის მიზნით“

ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქცირების ერთი და იგივე მიზეზია დასახელებული:

„ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, - ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.