შავ ზღვაში ნავთობპროდუქტების ჩაღვრის გამო 800-მდე ფრინველი დაიღუპა

ფოტო არქივიდან

შავ ზღვაში ნავთობპროდუქტების ჩაღვრის გამო, ანაპის ახლოს გასულ კვირაში დაიხოცა ან დაშავდა 800-მდე ფრინველი. ინფორმაცია ამის შესახებ გარემოსდამცველი ორგანიზაციის, "მწვანე პატრულის" ხელმძღვანელმა რომან პუკალოვმა გაავრცელა.

მისი ცნობით, საუბარია ძირითადად ორი სახეობის ფრინველზე: შავყელა მურტალაზე (Podiceps nigricollis) და შავყელა ღორიხვაზე (Gavia arctica).

პუკალოვის თანახმად, სარეაბილიტაციო ცენტრში გადაყვანილი ფრინველები დასვრილი იყო ნავთობპროდუქტებით, მათი ნაწილი ცენტრამდე ცოცხალი ვერ მიიყვანეს.

"მწვანე პატრულის" ხელმძღვანელი ანაპის მოსახლეობას დახმარებისთვის მიმართავს და უხსნის, რომ დაბინძურებული ფრინველის გაწმენდა ადვილია, რადგან ნავთობპროდუქტი მაზუთთან შედარებით ადვილად ირეცხება. 2025 წლის დეკემბერში შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრის შედეგად ასობით ფრინველი დაიღუპა.

11 აპრილს კრასნოდარის ოპერატიულმა შტაბმა გაავრცელა ცნობა შავი ზღვის აკვატორიაში ნავთობპროდუქტების კვალის აღმოჩენის შესახებ. ოპერატიულ შტაბში დაბინძურების მიზეზად დაასახელეს დრონების მიერ განხორციელებული თავდასხმა სამოქალაქო გემებზე შავ და აზოვის ზღვებში. 14 აპრილს კიდევ ერთი გაჟონვის შესახებ განაცხადეს.

ასევე ნახეთ

"საფრთხის ქვეშაა მთელი შავი ზღვის აუზი". საით მოძრაობს რუსული ტანკერებიდან ზღვაში ჩაღვრილი მაზუთი?

უკრაინული მედია ნავთობპროდუქტების დაღვრის მიზეზთან დაკავშირებით წერს, რომ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. საუბარია 2024 წლის დეკემბერში ორი რუსული ნავთობტანკერის - „ვოლგონეფტ-212-ისა“ და „ვოლგონეფტ-239-ის“ - დაზიანებაზე ქერჩის სრუტის მახლობლად, ანაპის სანაპიროსთან ახლოს ძლიერი შტორმის შედეგად. მედიის თანახმად, მაშინ ძლიერ დაზიანებული ეს ტანკერები ნაწილობრივ ან სრულად ჩაიძირა. რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერები ნავთობით იყო დატვირთული, თავდაპირველად დაღვრილმა ნავთობმა სანაპირო ზოლის 60 კილომეტრი (37 მილი) მოიცვა, წერს უკრაინული მედია და ამატებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ჩაძირული გემები არ გაასუფთავა და გაჟონვა კვლავ გრძელდება.

შესაძლოა თუ არა, რომ საფრთხე შავი ზღვის საქართველოს ზოლამდეც მოვიდეს და შესაძლოა თუ არა პრევენციული ღონისძიებების გატარება? ამ საკითხზე რადიო თავისუფლება გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა.

ასევე ნახეთ

ქერჩის სრუტეში მაზუთის ჩაღვრის გამო ორჯერ გაიზარდა დაღუპული დელფინების რაოდენობა 

როგორც უწყებაში აცხადებენ "აღნიშნული ფაქტი საქართველოს შავი ზღვის წყლებზე გავლენას, ზღვის ცირკულაციური დინების გათვალისწინებით არ მოახდენს, შესაბამისად დაბინძურების გავრცელება ნაკლებ სავარაუდოა, ასევე, ამ ეტაპისთვის საქართველოს სანაპირო წყლებში, მონიტორინგის სადგურებთან დაბინძურების ფაქტი და გამორიყული ფრინველი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა".