16 აპრილს ტელეკომპანია "იმედმა" განაცხადა, რომ "ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს", "საქართველოში დაგეგმილ და მზადების პროცესში მყოფ არეულობაზე" კი "ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებასაც აწარმოებს."
ირწმუნებიან, რომ იგორ ბლაჟევიჩმა რამდენიმე დღის წინ ოპოზიციას მორიგი ტრენინგები ჩაუტარა და კონკრეტული დავალებებიც მისცა.
რადიო თავისუფლებამ იგორ ბლაჟევიჩს, ამ საკითხზე კომენტარისთვის მიმართა. ის წლებია, პრაღაში ცხოვრობს და უფლებადაცვით საქმიანობას ეწევა, მისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ღია წყაროებზე დაყრდნობით "იმედი" ჰყვება, რომ ბლაჟევიჩი თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მხარდამჭერი და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების კრიტიკოსია და ერთ-ერთ "ღონისძიებაზე იყო მოდერატორი", სადაც "ლაპარაკობდნენ სანქციებზე, წინააღმდეგობის გაწევასა და ხელისუფლების ცვლილებაზე".
ტელეკომპანია არ ახსენებს, რომ ბლაჟევიჩი გმობდა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობას, აქციების სასტიკ დაშლასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას.
ბლაჟევიჩი და „TV პირველი“
ტელეკომპანია "იმედისვე" განცხადებით, "სწორედ ბლაჟევიჩმა დაავალა „TV პირველს“ გაეხმაურებინა მოგონილი ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებზე".
ტელეკომპანია "პირველმა" საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომლითაც საზოგადოებას შეახსენა, რომ "ტვ იმედი" "რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის" სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ და არხი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა.
"16 აპრილს საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში", გადმოცემული ინფორმაცია, რომ თითქოს „TV პირველს“ "ქართული ოცნების" მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაავალა ვინმე ბლაჟევიჩმა, არის ტყუილი, დეზინფორმაცია, არ შეესაბამება სინამდვილეს და არ ეფუძნება არანაირ ფაქტობრივ გარემოებებს", - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
„TV პირველის“ თანახმად, მასალის მომზადებისას ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი, არ დაჰკავშირებია ტელეკომპანია „პირველს“ საპასუხო კომენტარის მისაღებად, "რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას".
ტელეკომპანია „პირველი“ მოითხოვს:
- დაუყოვნებლივ შეწყდეს დეზინფორმაციის გავრცელება;
- მკაფიოდ და სრულად გაშუქდეს ჩვენი არხის ოფიციალური პოზიცია "ტელეიმედის" საინფორმაციო გამოშვებაში, სადაც გადაიცა ყალბი ინფორმაცია.
"მივმართავთ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, დაუყონებლივ მოახდინოს რეაგირება. ვაცხადებთ, რომ მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელება ემსახურება დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის მცდელობას", - ნათქვამია „TV პირველის“ განცხადებაში.
"ქართული ოცნების" გამოხმაურებები
მმართველი პარტიის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ "იმედის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, "წლების განმავლობაში უამრავი თანხა იხარჯებოდა, რომ გარედან ჩარევებით სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, საზოგადოება დაეპირისპირებინათ, პოლარიზაცია გაეღრმავებინათ", მისი სიტყვებით "ისინი დღესაც არ ჩერდებიან".
"თუმცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კარგად აანალიზებს, თუ რა პროცესები მიდის, ვინ არის ჩვენი ქვეყნის რეალური მტერი. ვის რა ინტერესი აქვს საქართველოსთან მიმართებაში", - თქვა კალაძემ მედიასთან საკითხის კომენტირებისას.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე შეაქო "ხარისხიანი მუშაობისთვის"
"ძალიან კარგია, რომ სუსს უკვე ამ ყველაფერთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია აქვს", - თქვა მაჭავარიანმა და დაამატა, რომ "სუსი იმოქმედებს შესაბამისად“.
ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია ქვეყანაში რევოლუციის მომზადებაში. ამ კონტექსტში ახსენებდნენ ხოლმე უცხოელ სპეციალისტებსაც.
2022 წელს გარდაცვლილ პიტერ აკერმანს, რომელიც „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელი იყო, საქართველოს ხელისუფლება პერიოდულად ქვეყანაში გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდა. აკერმანი იყო IREX-ის გლობალური მრჩეველთა საბჭოს წევრი. ის ასევე იყო Freedom House-ის თავმჯდომარე, შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტის თანათავმჯდომარე, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.
ოპოზიციის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფდნენ.