უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევისას დრონმა რუმინეთშიც შეაღწია

ოდესის ოლქში, მდინარე დუნაიზე მდებარე იზმაილის პორტი ხშირადაა რუსეთის ჯარების სამიზნე(ფოტო არქივიდან)

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. გასული ღამიდან დაწყებული შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ისევ ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურა იყო. ერთი დრონი მეზობელი რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის ტელეგრამ-არხზე 17 აპრილს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსული დრონებით მასირებული შეტევის შედეგად დაზიანებულია საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ექვსი კერძო სახლი.

ხანძრები გაჩნდა რამდენიმე რაიონში, მათ შორის დუნაის ბიოსფერული ნაკრძალის ტერიტორიაზე. ეს ნაკრძალი ოდესის ოლქის იზმაილის რაიონში მდებარეობს. ამავე რაიონში, მდინარე დუნაიზე იზმაილის პორტია, რომელიც ხშირადაა რუსეთის ჯარების სამიზნე.

დუნაიზე მდებარე პორტზე მორიგი დარტყმის შესახებ განაცხადა უკრაინის პორტების ადმინისტრაციამაც. მისი ინფორმაციით, დაზიანებულია ადმინისტრაციული, საწარმოო და სამეურნეო შენობები.

ასევე ნახეთ

რუსეთმა ზღვით ნავთობის ექსპორტი შეამცირა პორტებზე უკრაინის შეტევების შედეგად

უკრაინის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონი მოლდოვას და რუმინეთს ესაზღვრება.

17 აპრილს დილით რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის მორიგი შეტევისას ერთი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, რის შემდეგაც მასთან რადიოლოკაციური კონტაქტი დაიკარგა დაუსახლებელი რაიონის თავზე. ამ რაიონში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ დაგმო რუსეთის მოქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და საერთაშორისო სამართლის ნორმების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინაზე რუსეთის შეტევისას დრონები რუმინეთის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდნენ.

ასევე ნახეთ

უკრაინამ დრონების გამო ბოდიში მოუხადა ბალტიის ქვეყნებს და ფინეთს

ოდესის ოლქის გარდა გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარები დრონებით უტევდნენ დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებს. დნეპროპეტროვსკის რეგიონზე სარაკეტო შეტევაც იყო.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების მიერ 17 აპრილს დილით გავრცელებული ცნობებით, ქალაქ დნიპროში ორი ადამიანი დაიჭრა, დრონებით დარტყმა იყო სატრანსპორტო საწარმოზე. დაზიანებულია ორი სახლი და გიმნაზიის შენობა.

ხარკოვში დაზიანებულია სახლები და სამოქალაქო საწარმო. დაშავდა ერთი ადამიანი. ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა ზაპოროჟიეში, სადაც რამდენიმე სახლი დაზიანდა. ორი ადამიანი დაშავდა ხერსონში.

რუსული დრონებით შეტევის შედეგად მუშაობა დროებით შეწყვიტა ჩერნიგოვის თბოელექტროცენტრალმა. მოსახლეობის ნაწილს ცხელი წყლის მიწოდება შეუწყდა.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ცნობით, ენერგოობიექტებზე დრონებით შეტევის შედეგად აბონენტები ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ოდესის, ხარკოვის და ჩერნიგოვის ოლქებში.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 17 აპრილს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ერთი ბალსიტიკური რაკეტით და 172 დრონით. დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 147 დრონის მოგერიება და რაკეტით და 20 დრონით პირდაპირი დარტყმა 8 ადგილზე.