Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ზღვით ნავთობის ექსპორტი შეამცირა პორტებზე უკრაინის შეტევების შედეგად

უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძარი რუსეთის ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგის პორტში. 2026 წლის 29 მარტი
უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძარი რუსეთის ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგის პორტში. 2026 წლის 29 მარტი

რუსეთის პორტებზე უკრაინის შეტევების შედეგად 2026 წლის აპრილში ზღვით რუსული ნავთობის ექსპორტი შესაძლოა, 2023 წლიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უკვე აპრილის შუა რიცხვებისთვის ზღვით რუსული ნავთობის ექსპორტის მაჩვენებელი 2024 წლის ზაფხულის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

რუსეთის „ფასების ინდექსების ცენტრის“ მონაცემებით, 6-12 აპრილის პერიოდში რუსეთმა საზღვაო გზით ნავთობის ექსპორტი 16,1%-ით შეამცირა. მიზეზია რუსეთის პორტებზე უკრაინის შეტევა, რომელიც მარტის ბოლოდან გაძლიერდა და საპორტო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

  • 23 მარტიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით არაერთხელ დაარტყეს რუსეთის ლენინგრადის ოლქში, ბალტიის ზღვაზე მდებარე უსტ-ლუგის და პრიმორსკის პორტებს და კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში, შავ ზღვაზე მდებარე პორტს. მარტის დასაწყისში დარტყმა იყო ნოვოროსიისკის პორტზეც.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის მიერ 2026 წლის თებერვლის ბოლოს დაწყებულ სამხედრო ოპერაციას თეირანის მხრიდან მოჰყვა ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის დაბლოკვა, რამაც საწვავის გაძვირება და მიწოდების პრობლემა გამოიწვია.

გაძვირდა რუსული სორტის ნავთობი Urals-იც, თუმცა როგორც გამოცემა „კომერსანტი“ წერს, „რუსი ექსპორტიორები სრულად ვერ სარგებლობენ სასიკეთო კონიუნქტურით".

  • რუსული ნავთობის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები მოქმედებს უკრაინაში ომის გამო.
  • რუსული ნავთობის შეძენას როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო გზით განაგრძობს არაერთი ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, ჩინეთი, ინდოეთი და ევროკავშირის წევრი უნგრეთი და სლოვაკეთი.
  • ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შედეგად მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე შექმნილი არასტაბილურობის გამო შეერთებულმა შტატებმა 12 მარტს ერთი თვით მოუხსნა სანქციები რუსული ნავთობის ნაწილს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG