Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ დრონების გამო ბოდიში მოუხადა ბალტიის ქვეყნებს და ფინეთს

ფინეთში 29 მარტს ჩამოვარდნილი უკრაინული დრონი
ფინეთში 29 მარტს ჩამოვარდნილი უკრაინული დრონი

უკრაინამ ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს ოფიციალურად მოუხადა ბოდიში იმ დრონებისთვის, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენა, თუმცა კურსიდან გადახვევის გამო ბალტიის ქვეყნების ტერიტორიებზე ჩამოვარდნენ. მსგავსი ინციდენტისთვის უკრაინამ ბოდიში მოუხადა ფინეთსაც.

ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთში უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებული ინციდენტები 23-29 მარტის პერიოდში მოხდა.

  • 23 მარტს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ბელარუსის მხრიდან აღმოჩნდა ლიეტუვის ტერიტორიაზე, ვარენის რაიონში ჩამოვარდა და აფეთქდა.
  • 25 მარტს ლატვიამ და ესტონეთმა განაცხადეს, რომ მათ საჰაერო სივრცეში რუსეთის მხრიდან შევიდნენ კურსს აცდენილი დრონები, რომლებიც უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენა. ესტონეთში უპილოტო აპარატი მოხვდა დასახლებულ პუნქტ აუვერეში მდებარე ელექტროსადგურის საკვამურს.
  • 23 და 25 მარტს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში დრონებით შეტევა მიიტანეს ბალტიის ზღვაზე მდებარე პრიმორსკის და უსტ-ლუგის პორტებზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰეორჰი ტიხიმ გამოცემა Delfi-ს 30 მარტს განუცხადა, რომ ინციდენტების გარემოებების გამოძიების შედეგად დაასკვნეს, რომ დრონები კურსს ასცდნენ რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების ზემოქმედებით.

ტიხის თქმით, უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატები არასდროს მიუმართავს ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ, მაგრამ ინციდენტების გამო ბოდიში მოუხადა მეგობრებს ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით მსგავს ინციდენტებს და საფრთხეს აქვს ერთი მიზეზი - რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

  • 29 მარტს ორი უკრაინული დრონი ჩამოვარდა ფინეთის ტერიტორიაზეც. ამ დღეს უკრაინის მორიგი შეტევა იყო ფინეთთან მოსაზღვრე რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე უსტ-ლუგის პორტზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰეორჰი ტიხიმ 30 მარტს კიევში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინას ფინეთისკენ უპილოტო საფრენი აპარატები არ მიუმართავს, ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, ამ შემთხვევაშიც საუბარია რუსეთის რადიოელექტრონული საშუალებებით ზემოქმედების შედეგად კურსიდან დრონების გადახვევაზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, ინციდენტის გამო ფინეთს ბოდიში მოუხადეს.






ფორუმი

XS
SM
MD
LG