მანამდე კობახიძემ მონაწილეობა მიიღო ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში და სიტყვით გამოვიდა ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე "მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა".
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერდოანთან შეხვედრაზე საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა, სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.
„აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენისა და სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობა როგორც რეგიონისა და ევროპის დაკავშირების, ისე ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს "შუა დერეფნის" პოტენციალსა და მისი განვითარების მიმართულებით შემდგომ თანამშრომლობაზე.
მოგვიანებით კობახიძემ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ "საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას და საერთო ინტერესების ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია“.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ "გრძელდება მუშაობა სამხრეთ კავკასიაში მტკიცე მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრული დატვირთვით ექსპლუატაციაში შესვლა ხელს შეუწყობს "შუა დერეფნის" ეფექტიანობის ამაღლებას".
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც სააგენტო "ანადოლუ" ციტირებს, შეხვედრისას მათ ასევე განიხილეს თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური საკითხები.
“პრეზიდენტმა ერდოანმა აღნიშნა, რომ ანკარა განაგრძობს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, პირველ ყოვლისა თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით”.
მსოფლიოში ლიდერების სიმწირეა - თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია - კობახიძე
ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველო ესწრაფვის ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო ჰაბის სტატუსის გაძლიერებას. ისაუბრა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, თქვა, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საშუალო ზრდა 9,3%, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში კი 8,4%-ია.
კობახიძემ თქვა, რომ "საქართველოს მიდგომა ასეთია, ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას".
მან გააკრიტიკა ევროკავშირი და განაცხადა, რომ "წლების განმავლობაში ევროკავშირს ჰქონდა ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, თუმცა ამჟამინდელ ევროკავშირს სამივე მიმართულებით სერიოზული გამოწვევები აქვს".
კობახიძემ თქვა, რომ მსოფლიოში გამოკვეთილი ლიდერების სიმწირეა.
"ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და ეს ქვეყანა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია, ისევე როგორც ამ თემატური დისკუსიის მონაწილე ლიდერებიც.
არსებობს მოსაზრება, რომ პლანეტის კადრების უფროსს (HR) მცდარი განზრახვა ამოძრავებს ლიდერებად სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ადამიანის შერჩევისას. არადა, უნდა არსებობდეს პოლიტიკური სისტემა, რომელიც სახელმწიფოებში ლიდერების შერჩევაზე იქნება პასუხისმგებელი. ეს დიდი გამოწვევაა, რომელსაც ვხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში.
ჩემი ბავშვობის პერიოდში მსოფლიოს დიდებული ლიდერები ჰყავდა. დეტალებში არ შევალ და სახელებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ მსოფლიოს ჰყავდა დიდებული ლიდერები, ხოლო ახლა სიტუაცია ბევრად განსხვავებულია. სავარაუდოდ, ამ ნეგატიური მოვლენების უკან არაფორმალური გავლენები დგას", - თქვა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო წლებში ხშირად იყენებენ შეთქმულების თეორიას "დიპ სტეიტის" შესახებ.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კონსპირაციაა, რომ რეალური ძალაუფლების სადავეები არა არჩეულ პოლიტიკოსებს, არამედ ფართო საზოგადოებისთვის უცნობ ფიგურებს უპყრიათ.
ანტალიის დიპლომატიური ფორუმი წელს მეხუთედ ტარდება 17-დან 19 აპრილის ჩათვლით. ფორუმი თურქეთის პრეზიდენტ ერდოანის პატრონაჟით იმართება.
ფორუმში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, საექსპერტო, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.