ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგად რადევის მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია ლიდერობს

კოალიცია „პროგრესული ბულგარეთის“ ლიდერი რუმენ რადევი

ბულგარეთის პარლამენტის არჩევნების შედეგად ლიდერობს მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია „პროგრესული ბულგარეთი“, რომლის ლიდერი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევია.
  • ოპონენტები რადევს ევროსკეპტიკოსად და პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად მიიჩნევენ.

ევროკავშირისა და ნატოს წევრ ბულგარეთში 19 აპრილს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, რუმენ რადევის კოალიციას ხმების 44%-ზე მეტი აქვს.

ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 20 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, ოქმების 78,24%-ის შედეგებით, დაახლოებით 14% აქვს კოალიცია „დემოკრატიული ბულგარეთის“ და ცენტრისტული პარტიის, „ვაგრძელებთ ცვლილებებს“ ბლოკს და 13%-ზე მეტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტიის, „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ და „დემოკრატიულ ძალთა კავშირის“ ცენტრისტულ-პოპულისტურ ბლოკს.

წინასწარი შედეგებით, 4%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ასევე ნახეთ

ცეცხლი, კვერცხები, უროები, საღებავი... - კრემლის ბრძოლა ბულგარეთისათვის

რუმენ რადევი

საპარლამენტო არჩევნების შედეგად პირველ ადგილზე გასული კოალიციის, „პროგრესული ბულგარეთის“ ლიდერი რუმენ რადევი ბულგარეთის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 22 იანვრიდან 2026 წლის 23 იანვრამდე.

მანამდე რადევი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებს ხელმძღვანელობდა.

პრეზიდენტობის პერიოდში რუმენ რადევი ეწინააღმდეგებოდა უკრაინის სამხედრო დახმარებას და ევროკავშირის და ნატოს პოლიტიკას აკრიტიკებდა. რადევს არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან დიალოგისა და პრაგმატული ურთიერთობების მომხრეა.

ასევე ნახეთ

„ეს კონფლიქტი კი არა ომია“ - შეუსწორა ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს

19 აპრილს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ რუმენ რადევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბულგარეთის ძალისხმევა მიმართული იქნება ევროპულ გზაზე დარჩენისკენ, მაგრამ ძლიერ ევროპაში ძლიერი ბულგარეთის ყოფნას კრიტიკული აზროვნება და პრაგმატიზმი სჭირდება.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ ევროპა ემსხვერპლა თავის ამბიციებს, მსოფლიოში ყოფილიყო მორალური ლიდერი წესების გარეშე, ამიტომ ევროპას სჭირდება კრიტიკული აზროვნება, პრაგმატული მოქმედება და კარგი შედეგები, განსაკუთრებით უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის მშენებლობაში.

ასევე ნახეთ

მუდმივი არჩევნები - რატომ ვერ თავისუფლდება ბულგარეთი რუსეთის გავლენისგან?

მერვე საპარლამენტო არჩევნები 5 წელიწადში

ბულგარეთში 19 აპრილს ჩატარებული ვადამდელი არჩევნები ბოლო ხუთ წელიწადში მერვე საპარლამენტო არჩევნები იყო. ის 2025 წლის ბოლოს დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისს მოჰყვა.

ბულგარეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა პოლიტიკური სისტემისა და კორუფციის წინააღმდეგ. დეკემბერში მთავრობა გადადგა და პრეზიდენტმა დროებითი ტექნიკური კაბინეტი დანიშნა.

2026 წლის 19 აპრილის არჩევნების წინასწარი შედეგი აჩვენებს, რომ ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ხმების მიღება.

პირველ ადგილზე გასული კოალიციის ლიდერმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ მზად არის კოალიციური მთავრობა შექმნას პარტიის, „ვაგრძელებთ ცვლილებებს“ და „დემოკრატიული ბულგარეთის“ ბლოკთან.

რადევის დიდი ხნის მეტოქემ, პარტიის, „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ და „დემოკრატიულ ძალთა კავშირის“ ბლოკის ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩევნები განსაზღვრავს, ვინ არის პირველი, მაგრამ მოლაპარაკებები გადაწყვეტს, ვინ უნდა მართოს ქვეყანა.

ბულგარეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა. ქვეყნის მთავრობას 240-წევრიანი პარლამენტი აკომპლექტებს.