„ვულოცავ ბატონ რუმენ რადევს და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვებას. ვუსურვებ წარმატებებს ქვეყნის წინსვლისა და ბულგარელი ხალხის უწყვეტი პროგრესისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში“, - წერს ირაკლი კობახიძე X-ზე.
„საქართველო მოუთმენლად ელის ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის შემდგომ განმტკიცებას და ჩვენი ძლიერი პარტნიორობის გაღრმავებას“, - აცხადებს პრემიერი.
რადევის გამარჯვება არჩევნებში
ბულგარეთში 19 აპრილს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილი მიიღო მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიცია „პროგრესულმა ბულგარეთმა“.
მას ხელმძღვანელობს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რუმენ რადევი, - რომელსაც ოპონენტები ევროსკეპტიკოსად და პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად მიიჩნევენ.
მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებმა, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, ასევე ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ.
ევროკავშირისა და ნატოს წევრ ბულგარეთში, არჩევნების ოფიციალური შედეგებით, რუმენ რადევის კოალიციამ ხმების 44,5% მიიღო.
ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოქმების 100%-ის შედეგებით:
- 12,6% აქვს კოალიცია „დემოკრატიული ბულგარეთის“ და ცენტრისტული პარტიის, „ვაგრძელებთ ცვლილებებს“ ბლოკს;
- 13,4% - ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტიის, „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ და „დემოკრატიულ ძალთა კავშირის“ ცენტრისტულ-პოპულისტურ ბლოკს;
- წინასწარი შედეგებით, 4%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ეს მერვე საპარლამენტო არჩევნები იყო ბოლო ხუთ წელიწადში.
ასევე ნახეთ
მუდმივი არჩევნები - რატომ ვერ თავისუფლდება ბულგარეთი რუსეთის გავლენისგან?რუმენ რადევი
საპარლამენტო არჩევნების შედეგად პირველ ადგილზე გასული კოალიციის, „პროგრესული ბულგარეთის“ ლიდერი რუმენ რადევი ბულგარეთის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 22 იანვრიდან 2026 წლის 23 იანვრამდე.
მანამდე რადევი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებს ხელმძღვანელობდა.
პრეზიდენტობის პერიოდში რუმენ რადევი ეწინააღმდეგებოდა უკრაინის სამხედრო დახმარებას და ევროკავშირის და ნატოს პოლიტიკას აკრიტიკებდა. რადევს არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან დიალოგისა და პრაგმატული ურთიერთობების მომხრეა.
ასევე ნახეთ
„ეს კონფლიქტი კი არა ომია“ - შეუსწორა ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს19 აპრილს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, რუმენ რადევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბულგარეთის ძალისხმევა მიმართული იქნება ევროპულ გზაზე დარჩენისკენ, მაგრამ ძლიერ ევროპაში ძლიერი ბულგარეთის ყოფნას კრიტიკული აზროვნება და პრაგმატიზმი სჭირდება.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ ევროპა ემსხვერპლა თავის ამბიციებს, მსოფლიოში ყოფილიყო მორალური ლიდერი წესების გარეშე, ამიტომ ევროპას სჭირდება კრიტიკული აზროვნება, პრაგმატული მოქმედება და კარგი შედეგები, განსაკუთრებით უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის მშენებლობაში.