თეთრი სახლის კომუნიკაციების სამსახურის დირექტორ სტივენ ჩუნის თანახმად, ლორი ჩავეს-დერემერი, რომელმაც შრომის მინისტრის თანამდებობაზე დიდი სამუშაო გასწია, საქმიანობას კერძო სექტორში გაგრძელებს. თავად ჩავეს-დერემერმა სოციალურ ქსელ X-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ მისთვის პატივი და პრივილეგია იყო „ისტორიულ ადმინისტრაციაში“ საქმიანობა და „უდიდეს პრეზიდენტზე“ მუშაობა.
- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი, რესპუბლიკელი ლორი ჩავეს-დერემერი შრომის მინისტრად 2025 წლის მარტში დანიშნა.
ბოლო თვეების განმავლობაში შრომის სამინისტროში მიმდინარეობდა შიდა გამოძიება ლორი ჩავეს-დერემერის არასათანადო ქცევასთან დაკავშირებული საჩივრების გამო.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, მინისტრს ბრალს სდებდნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან სექსუალურ ურთიერთობაში და საქმიანი ვიზიტების გამოყენებაში პირადი მოგზაურობისთვის. საჩივრები ეხებოდა იმასაც, რომ ჩავეს-დერემერი თანამშრომლებს ავალებდა მისთვის სპირტიანი სასმელების შეძენას. გამოძიების ფონზე, 2026 წლის მარტში სამსახური დატოვა მინისტრის ორმა თანაშემწემ.
გამოცემა New York Times-ის ცნობით, სექსუალური ხასიათის ძალადობაში ეჭვმიტანილი იყო ლორი ჩავეს-დერემერის ქმარიც, რომელსაც შრომის სამინისტროს შენობაში შესვლა აუკრძალეს. მოგვიანებით მის წინააღმდეგ საქმე დაიხურა.
ასევე ნახეთ
მედია: პემ ბონდი შეეცადა ტრამპის დარწმუნებას, რომ ის თანამდებობაზე დაეტოვებინაბოლო ხანს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია არაერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა.
აპრილის დასაწყისში ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა პემ ბონდი. მარტში შიდა უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობა დატოვა კრისტი ნოემმა.
გამოცემა Politico-ს წყაროთა ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს დაითხოვოს სხვა მაღალჩინოსნებიც, რომლებიც მოვალეობებს ვერ უმკლავდებიან ან „ძალიან ბევრ ნეგატივს იწვევენ“.
გამოცემა The Atlantic-ის ინფორმაციით, თეთრ სახლში განიხილება ვაჭრობის მინისტრ ჰოვარდ ლატნიკის, არმიის მინისტრ დენიელ დრისკოლის და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორ კეშ პატელის შესაძლო გადადგომა.