აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კეშ პატელმა, რომელიც ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიშნა, ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, სარჩელი შეიტანა The Atlantic-ის წინააღმდეგ, სტატიის გამო, რომელიც დეტალურად აღწერდა თანამდებობის პირის ალკოჰოლიზმს.
სტატიაში ნათქვამია, რომ პატელი ქრონიკული ალკოჰოლიკია, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის უვარგისია, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, დაუცველია უცხოური გავლენისგან და არღვევს იუსტიციის სამინისტროს ეთიკის წესებს. FBI-ის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ავტორი ამტკიცებდა, რომ პატელი რამდენჯერმე იყო მიუწვდომელი საგანგებო სიტუაციების დროს და რომ ჩაკეტილი ოთახებიდან მის გასათავისუფლებლად საჭირო გახდა „კარის გასატეხი აღჭურვილობა“. სტატიაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ალკოჰოლი გავლენას ახდენს FBI-ის სისხლის სამართლის გამოძიებების შესახებ დირექტორის საჯარო განცხადებებზე და რომ ის ზოგჯერ არაადეკვატურად იქცევა, რაც საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.
პატელმა გამოცემა ცილისწამებაში დაადანაშაულა და სასამართლოს მოსთხოვა, The Atlantic-ს მინიმუმ 250 მილიონი დოლარი გადაახდევინოს. FBI-ის დირექტორი სტატიაში მოცემულ ინფორმაციას ყალბს უწოდებს და აცხადებს, რომ პუბლიკაცია მთლიანობაში ბოროტად განზრახული იყო და ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავდა. სარჩელში ის ამტკიცებს, რომ გამოცემას მის მიმართ დიდი ხნის წყენა აქვს და რომ სტატიის მიზანი საზოგადოების ინფორმირება კი არ იყო, არამედ FBI-ის დირექტორის გათავისუფლებაზე გავლენის მოხდენა.
FBI-ის დირექტორი ხაზს უსვამს, რომ სტატიაში მოცემული ინფორმაციის სიცრუის შესახებ მაშინ აცნობა გამოცემას, როდესაც The Atlantic-მა მას კომენტარი სთხოვა. თუმცა, გამოცემამ უგულებელყო მისი ცნობა, რაც, სარჩელის თანახმად, ცილისწამების „ბოროტგანზრახულობას“ ადასტურებს.
The Atlantic-მა პატელის სარჩელს „უსაფუძვლო“ უწოდა. „ჩვენ ვადასტურებთ კეშ პატელის შესახებ ჩვენი რეპორტაჟის სიზუსტეს და ენერგიულად დავიცავთ The Atlantic-ს და ჩვენს ჟურნალისტებს ამ უსაფუძვლო სარჩელისგან“, იმოწმებს CNN გამოცემის წარმომადგენლის სიტყვებს. პროგრამა MS NOW-სთან ინტერვიუში პუბლიკაციის ავტორმა სარა ფიცპატრიკმა განაცხადა: „ვადასტურებ ამ რეპორტაჟის ყოველ სიტყვას. ჩვენ შესანიშნავი იურისტები გვყავს“.
ფიცპატრიკმა განაცხადა, რომ მან პატელის საქციელთან დაკავშირებით ორ ათეულზე მეტი ადამიანი გამოკითხა, „მათ შორის FBI-ის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, სამართალდამცავი ორგანოებისა და დაზვერვის წარმომადგენლები, სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის თანამშრომლები, კონგრესის წევრები, პოლიტიკური ფიგურები, ლობისტები და ყოფილი მრჩევლები“. მასთან ყველამ ანონიმურობის პირობით ისაუბრა, თუმცა ფიცპატრიკი აცხადებს, რომ ყველა წყარომ „მმართველობაში წარუმატებლობად შეაფასა თანამდებობაზე პატელის ყოფნა“.
სხვა მედიასაშუალებებს ჯერ დამოუკიდებლად არ დაუდასტურებიათ ის, რაც The Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია მოთხრობილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც შეიტანა ადრე რამდენიმე დიდი სარჩელი მედიასაშუალების წინააღმდეგ. ერთი იყო BBC-ის წინააღმდეგ: ტრამპმა მისი ჟურნალისტები დაადანაშაულა ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში მისი გამოსვლის რედაქტირებით, რათა დამახინჯებულიყო მისი ნათქვამის მნიშვნელობა. მან 10 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაცია მოითხოვა. კორპორაციამ ბოდიში მოუხადა ტრამპს, მაგრამ აშშ-ის სასამართლოს მიმართა სარჩელის შეწყვეტის მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ საქმის გაგრძელებას მედიაზე „შემაკავებელი ეფექტი“ ექნებოდა აშშ-ის პრეზიდენტის საქმიანობის გაშუქებაში.
ტრამპმა იმავე თანხის ოდენობის კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა გამოცემა Wall Street Journal-ის წინააღმდეგ. საქმე ეხებოდა 2025 წლის 17 იანვრის სტატიას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ტრამპმა ფინანსისტ ჯეფრი ეპსტინს უხამსი მისალოცი ბარათი გაუგზავნა. პოლიტიკოსმა მოგვიანებით განაცხადა: „ეს არის Wall Street Journal-ის ყალბი სტატია“.
ფორუმი