ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა „დააგვიანა“ პერსონალური სანქციების დაწესება დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისათვის.
„დავაგვიანეთ. უკვე დავაგვიანეთ. ერთ წელიწადზე მეტი ხნის წინ ლიეტუვა გამოვიდა სანქციების დაწესების ინიციატივით, - დაგვეწესებინა სანქციები, როგორც ჩვენ ეროვნულ დონეზე გავაკეთეთ. ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი“, - განაცხადა მან.
„ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ და ძალიან ნელა ვიმოქმედეთ“, - თქვა კიასტუტის ბუდრისმა.
უნგრეთის საკითხზე
პერსონალური სანქციების დაწესებას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი - ვიქტორ ორბანის მმართველობის პირობებში - ეწინააღმდეგებოდა.
ჯერ უცნობია, ამ საკითხზე რა პოზიციას დაიკავებს პეტერ მადიარის ხელისუფლება. სწორედ მადიარი შეცვლის ვიქტორ ორბანს პრემიერის პოსტზე.
ასევე ნახეთ
პეტერ მადიარის პირველი კომენტარი საქართველოზე: „გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობებს“21 აპრილს, FAC-ის დაწყების წინ, ამ საკითხზე კითხვა დაუსვეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს, რომელმაც განაცხადა, რომ უნგრეთის ახალი ხელისუფლების სახელით ვერ ისაუბრებს:
„ბევრი საკითხი [აქვთ] დაბლოკილი. ჩვენ მოლაპარაკებებს ვიწყებთ და იმედია, დადებითი შედეგები იქნება“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ
პეტერ მადიარი ევროკავშირთან წინასწარ მოლაპარაკებებს იწყებს შეჩერებული საფინანსო მხარდაჭერის განახლების მიზნით- უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, მომავალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა პირველი კომენტარი 13 აპრილს გააკეთა საქართველოსა და საქართველო-უნგრეთის ურთიერთობების შესახებ.
- ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას, სიამოვნებით ეწვევა თბილისს და ასევე თქვა, რომ უნგრეთი არ ჩაერევა არცერთი ქვეყნის შიდა საქმეებში.
თანამშრომლობა „სამხრეთ კავკასიასთან“
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დღეს იმსჯელებს, თუ როგორ ითანამშრომლებს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან.
თუმცა მას ამ სახელმწიფოებს შორის საქართველო არ დაუსახელებია.
„ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ ვითანამშრომლოთ უკეთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით იმ სამ ქვეყანასთან, რომლებიც ვახსენე – სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, სადაც უკვე გვაქვს კონკრეტული პროექტები, საიდანაც შეგვიძლია დავიწყოთ“, - თქვა მან.
მისი თქმით, ამ სამ ქვეყანასთან ბრიუსელი მუშაობს „კავშირებადობის დღის წესრიგით“.
„არჩეული გზა მიუღებელია“
საქართველოზე მოკლედ ისაუბრა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰნკამ.
მანაც, ლიეტუველი კოლეგის მსგავსად, თქვა, რომ ესტონეთს პერსონალური სანქციების წინადადება უკვე წამოყენებული აქვს.
კაია კალასმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის „არჩეული გზა - რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ, მედიის შეზღუდვა და დამტკიცებული კანონები“ - ბრიუსელისთვის მიუღებელია.
მან ასევე თქვა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ხალხს, თუმცა არა - მთავრობას.
მისი ეს განცხადება კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს თბილისში.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ „ეს პირდაპირ დემოკრატიული საფუძვლის ჩამონგრევაა“.
„კაია კალასი საუბრობს, რომ თითქოს არსებობს ცალკე ხალხი და ცალკე არჩეული ხელისუფლება, ეს მთავარ ფუძემდებლურ პრინციპს, რომელზეც დგას დასავლური ცივილიზაცია, რომელიც არის დემოკრატიის საწყისი, რომ ხალხი იღებს გადაწყვეტილებას და ხალხი ირჩევს თავის ხელისუფალს, ამ ყველაფერს პირდაპირ ფეხქვეშ თელავს“, - განაცხადა გორდულაძემ.
- 2024 წლის 28 ნოემბერს, - საკამათო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, - „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო „2028 წლამდე“ არ დააყენებდა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების გახსნას დღის წესრიგში;
- ამ განცხადებას მოჰყვა მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციები და პროტესტის ჩახშობა, რის შემდეგაც ევროკავშირმა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი შეაჩერა, ურთიერთობები გაყინა და სამთავრობო ფინანსური დახმარებაც შეაჩერა;
- 2026 წლის 6 მარტიდან საბოლოოდ შევიდა ძალაში ევროკომისიის 2024 წლის გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე;
- 2025 წლის 4 ნოემბერს, ბრიუსელში გამართულ „ევროკავშირის გაფართოების სამიტზე“ ითქვა, რომ "საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა";
- პერსონალურ სანქციებზე კონსენსუსის მიუღწევლობის პირობებში, წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს მსჯელობა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.