ანგარიშში ნათქვამია, რომ სამსახურს მუდმივ რეჟიმში რეაგირება უწევდა ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა:
- საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებული ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები,
- უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი.
"საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტად და პარალელურად ამზადებს საფუძველს, ხელსაყრელ დროს, ანექსიის განსახორციელებლად", - ნათქვამია სუსის ანგარიშში.
ანექსიის მიზნის მისაღწევად, სუსის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი იყენებდა საგანმანათლებლო პროგრამებს, "კვლავ გაგრძელდა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველების დისკრიმინაციისკენ მიმართულ პოლიტიკა".
ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში რუსეთის პირდაპირი ჩართულობის გამო ანტირუსული განწყობების ზრდის დინამიკა დაფიქსირდა.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შენარჩუნდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
ბორდერიზაცია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში
- ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის სამი შემთხვევა დაფიქსირდა,
- ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 55.
"დაფიქსირდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის, ღობეების, მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ინსტალაცია, ასევე, მიწათხრილების, ტრანშეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების მოწყობის სამუშაოები. გასული წლების მსგავსად, გამოვლინდა საოკუპაციო ხაზზე სათვალთვალო კამერებისა და გადაადგილების დეტექტორების დაყენების ფაქტებიც".
უკანონო დაკავებები
- 2025 წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საქართველოს 34 მოქალაქე დააკავეს უკანონოდ,
- ოკუპირებული აფხაზეთში კი - 40.
- 2025 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 15 მოქალაქე იყო, მათ შორის ის მოქალაქეებიც, რომლებსაც თავისუფლება უკანონოდ რამდენიმე წლით აღუკვეთეს.
"ორივე მიმართულებაზე გაგრძელდა ე.წ. ბრალის ხელოვნურად დამძიმების პრაქტიკა, სხვადასხვა გამოგონილი ბრალდებით, მათ შორის „ჯაშუშობის“, ე.წ. კონტრაბანდის, ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისა და სხვა. კერძოდ, ქრისტინე თაკალანძე და კახა მურადოვი. აქვე აღსანიშნავია,რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, გრძელვადიანი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ ირაკლი ბებუა, ივანე ლუტიძე და ნიკა მამასტარაშვილი".
სუსი აღნიშნავს, რომ "საოკუპაციო ძალა მიზანმიმართულად ცდილობს უკანონო დაკავებების მანკიერი პრაქტიკა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს. აღნიშნული მოცემულობა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უხეში დარღვევის ფონზე ხდება".
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, რომ აქტიურად აგრძელებენ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
ძალადობის საქმეების გამოძიება
სუსი 2025 წლის ანგარიშში წერს, რომ "გაგრძელდა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების არასათანადო გამოძიების პრაქტიკა".
- რუსეთი კვლავ უარს აცხადებდა საოკუპაციო ძალის მიერ 2023 წლის ნოემბერში მოკლული თამაზ გინტურის საკითხის ობიექტური გამოძიების ჩატარებაზე, რის გამოც დამნაშავ(ეებ)ის დასჯა ვერ მოხერხდა.
2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან, რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური. თამაზ გინტურის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
- დაუსჯელები დარჩნენ ოკუპირებული გალის „დროებითი მოთავსების იზოლატორში“ მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო გარდაცვლილი ვიტალი (თემურ) კარბაიას საკითხში „ეჭვმიტანილი“ პირები, რომლებსაც დანაშაულებრივი ქმედება „სამსახურებრივ გულგრილობაში“ ჩაუთვალეს.
2024 წელს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალების საქმეზე აფხაზ მილიციელებს ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. პოლიციელებმა თემურ კარბაიაზე ფიზიკურად იძალადეს, „ხელებით და ფეხებით მიაყენეს დარტყმები სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რასაც მოჰყვა გულმკერდის დახურული ტრავმა, მეშვიდე, მერვე, მეცხრე ნეკნების ჩამტვრევა, სისხლჩაქცევები მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოებზე“. კარბაია 2023 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა სოხუმის საავადმყოფოში, სადაც ერთი დღით ადრე გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. კარბაია „ჯანმრთელობის გაუარესების გამო“ მკურნალობდა“.
- საოკუპაციო რეჟიმების უკანონო პატიმრობაში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიასა და დავით ბაშარულის, ასევე საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეების მიმართ ადგილზე სამართლის აღსრულება კვლავ შეუძლებელი იყო.