ევროკავშირი ვენეციის ბიენალეს დაფინანსებას შეუმცირებს რუსეთის დაბრუნების გამო

რუსეთის პავილიონი ვენეციის ბიენალეზე(ფოტო არქივიდან)

ევროკავშირი აპირებს დაფინანსება შეუმციროს ვენეციის ბიენალეს. მიზეზი ბიენალეზე რუსეთის დაბრუნებაა.
  • ვენეციის ბიენალეზე რუსეთის პავილიონი 2022 წელს, უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიხურა.
  • 2026 წლის მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ბიენალეზე ისევ წარდგება.

ევროკომისიამ ვენეციის ბიენალეზე რუსეთის დაბრუნება მარტშივე დაგმო და განაცხადა, რომ თუ ბიენალეს ფონდი გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, განიხილავენ მისთვის გრანტის შეჩერებას, ან შეწყვეტას.

21 აპრილს ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში ბომბავს მუზეუმებს, ეკლესიებს და უკრაინული კულტურის განადგურებას ცდილობს, თავისი კულტურის წარმოდგენის უფლება არ უნდა მისცენ.

კალასმა ვენეციის ბიენალეზე რუსეთის დაბრუნებას „ამორალური“ უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირი ბიენალეს დაფინანსების შემცირებას გეგმავს.

ასევე ნახეთ

ვენეციის ბიენალეზე რუსეთის დაბრუნებას უკრაინა არ გააპროტესტებს - დაფინანსების საკითხზე დავაა

კაია კალასს კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია. მედიით გავრცელებული ცნობებით, სამი წლის განმავლობაში ვენეციის ბიენალეს ევროკავშირისგან უნდა მიეღო დაახლოებით ორი მილიონი ევრო.

ვენეციის ბიენალე მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფორუმია, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოდან ტარდება. ბიენალე მოიცავს ორ ძირითად ნაწილს, ხელოვნების და არქიტექტურის გამოფენებს, რომლებიც მონაცვლეობით, ორ წელიწადში ერთხელ იმართება და რამდენიმე დამატებით კომპონენტს - მუსიკას, თეატრს, კინოს და თანამედროვე ცეკვას.

2026 წლის ბიენალე 9 მაისს გაიხსნება და 22 ნოემბერს დასრულდება.

ორგანიზატორებმა მარტში განაცხადეს, რომ ვენეციის ბიენალე ყველასთვის ღიაა და კულტურის და ხელოვნების სფეროში გამორიცხვის, ან ცენზურის ნებისმიერ ფორმას უარყოფს.

ასევე ნახეთ

ვენეციის ბიენალე - ხელოვნების ოლიმპიადა რუსეთის დროშით?

რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ვენეციის ბიენალეზე რუსეთის პავილიონში იქნება „მუსიკალურ-პლასტიკური წარმოდგენა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი შემსრულებელი.

რუსეთის კულტურის ყოფილმა მინისტრმა მიხაილ შვიდკოიმ, რომელიც ამჟამად პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენელია საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მარტის დასაწყისში გამოცემა ARTnews-ს განუცხადა, რომ რუსეთის პავილიონის გახსნა ნიშნავს, რომ ჩაიშალა დასავლეთის მცდელობები, აიკრძალოს რუსული კულტურა.