„მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალების გუნდი, რომელსაც სჭირდებოდა კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი და სწორი მიმართულების შემთხვევაში ჩვენ გვყავს ადამიანები, ფარული თუ ღია თანამშრომლები, რომელთათვისაც სწორი მიმართულების მიცემის შემთხვევაში გაძლევს უდიდეს შედეგს...
[თუ ერთი წლის წინ] შედიოდა პირობითად 100 ინფორმაცია, ახლა შედის 3000-ზე მეტი... დიახ, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე... თუ ორჯერ და ორნახევარჯერ გაიზარდა განჩინებები, ესეც გაზრდილი მუშაობის შედეგია. პირობითად, 100 ტელეფონს უსმენდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უსმენენ, პირობითად, 250-ს. სამაგიეროდ, ინფორმაციის ნაკადი გაიზარდა 30-ჯერ“, - თქვა მამუკა მდინარაძემ ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
21 აპრილს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იგეგმება სამთავრობო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, მამუკა მდინარაძე სუსის ხელმძღვანელი აღარ იქნება.
„მინდა, მამუკა მდინარაძეს მადლობა გადავუხადო სუსის ხელმძღვანელის პოზიციაზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის“, - თქვა კობახიძემ.
სამთავრობო ცვლილებები
მამუკა მდინარაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა (გეკა) გელაძე შეცვლის. თავად მდინარაძე კი ახალი სამინისტროს („სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი“) ხელმძღვანელად დაინიშნება. მას ამავდროულად ექნება ვიცე-პრემიერის თანამდებობაც.
- მამუკა მდინარაძე სუსის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბრიდან მუშაობს. მან ანრი ოხანაშვილი შეცვალა, რომლის წინამორბედიც (გრიგოლ ლილუაშვილი) პატიმრობაშია.