რუსეთი აშშ-ში G20-ის სამიტზე „უმაღლეს დონეზეა“ მიწვეული - მინისტრის მოადგილე

ფოტო არქივიდან. საგანგებოდ დამზადებული თეფში G20-ს სამიტისთვის, რომელსაც 2013 წლის სექტემბერში რუსეთმა უმასპინძლა

რუსეთი აშშ-ში მიწვეულია „დიდი ოცეულის“(G20) სამიტში „უმაღლეს დონეზე“ მონაწილეობისთვის. რუსეთის სახელმწიფო მედიის, მათ შორის სააგენტოების, „ტასის“ და „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამ მიწვევის შესახებ ჟურნალისტებს 22 აპრილს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ პანკინმა.

შეკითხვას, ვინ წარმოადგენს რუსეთს სამიტზე, პანკინმა უპასუხა, რომ ეს გაირკვევა სამიტის თარიღის მოახლოების წინ.

  • G20-ის სამიტს 14-15 დეკემბერს აშშ მასპინძლობს ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში.

რუსეთი მონაწილე სახელმწიფოებს შორისაა მითითებული მაიამის სამიტის ოფიციალურ ვებსაიტზე.

„დიდი ოცეული“ ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული და კარგად განვითარებადი ქვეყნების გაერთიანებაა. ყოველწლიური სამიტები მონაცვლეობით იმართება წევრ სახელმწიფოებში. 2013 წელს სამიტს სანქტ-პეტერბურგში უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმაც.

G20 და პუტინი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ

უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტში დასავლეთის სახელმწიფოები განიხილავდნენ G20-დან რუსეთის გარიცხვას, თუმცა ამას მხარი არ დაუჭირეს „ოცეულის“ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა უარი თქვა სამიტში მონაწილეობის მიზნით გამგზავრებულიყო ინდონეზიის კუნძულ ბალიზე და ერთ-ერთ სხდომას ონლაინ შეუერთდა.

ასე მოხდა 2023 წელსაც, როცა რუსეთს ინდოეთში „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის ნაცვლად კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი წარმოადგენდა.

ასევე ნახეთ

ბრაზილიის პრეზიდენტი პუტინს ვერ აძლევს დაპატიმრებისგან დაცვის გარანტიას

რუსეთის პრეზიდენტი არც 2024 წელს ბრაზილიაში გამართულ სამიტში მონაწილეობდა. ბრაზილიას, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორირისო სასამართლოს წევრს, პუტინის დაპატიმრების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება აქვს.

ასეთივე ვალდებულება აქვს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, სადაც „დიდი ოცეულის“ სამიტი 2025 წელს ჩატარდა. ამ სამიტზე რუსეთს წარმოადგენდა პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მაქსიმ ორეშკინი.

რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია ჩასვლა აშშ-ში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს. 2025 წლის აგვისტოში პუტინი იმყოფებოდა ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, სადაც პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა.