"ქართული ოცნების" მთავრობის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად ისაუბრა ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტსა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებებზე, ასევე ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ საკითხზე.
ქვრივიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვეოდა, რომ იგეგმებოდა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ცვლილების ოქმის ხელმოწერა.
როგორც კობახიძემ თქვა, "მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების არეალის გაფართოებაზე და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მოლაპარაკებები წარიმართება". მისი სიტყვებით, "ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ჩინეთში დამატებით შეუწყობს ხელს ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის"
რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რა ცვლილებებს მოიცავს შეთანხმება, კობახიძემ თქვა, რომ "ეს კონკრეტიკა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც დასრულდება მოლაპარაკებები".
საქართველო-ჩინეთის პარტნიორული ურთიერთობები
- თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება: 2018 წლიდან მოქმედებს, რამაც ქართულ პროდუქციას ჩინურ ბაზარზე ტარიფების გარეშე შესვლის შესაძლებლობა მისცა.
- სტრატეგიული პარტნიორობა: 2023 წლიდან ორ ქვეყანას შორის დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა.
- შუა დერეფანი: ჩინეთი დიდ ინტერესს იჩენს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მიმართ - 2025 წელს გადაზიდვები 71%-ით გაიზარდა.
ანაკლიის პორტზე საუბარი ჩინეთში
ამასთან ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ "ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის ანაკლიის თემაზეც".
"ესეც არის, ბუნებრივია, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი, მოლაპარაკებები გრძელდება".
ირაკლი კობახიძის თანახმად, უნდა "დაველოდეთ მოვლენების განვითარებას" და "უახლოეს მომავალში გექნებათ სიახლეები ანაკლიასთან დაკავშირებით".
ოპოზიციონერი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ ხელშეკრულების გაფორმების გაჭიანურების მიზეზთა შორის ჩინური მხარის მოთხოვნებია, მათ შორის გარანტიები, რომ ბათუმისა და ფოთის პორტები არ გაფართოვდება, ხოლო ანაკლიაში არასაკმარისი ტვირთების შემოსვლის შემთხვევაში, ზარალის დაფარვა საქართველოს მთავრობის მხრიდან მოხდება.
ასევე ნახეთ
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის კომერციის მინისტრს შეხვდაანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ
- თავდაპირველი პროექტით, პირველი გემი ანაკლიის პორტს 2020 წელს უნდა მიეღო. სწორედ იმ წელს, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული შეთანხმება გაწყვიტა.
- "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" [ADC], რომელმაც საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წელს დაკარგა, შედიოდნენ:
- „თიბისი ჰოლდინგ ანაკლია“ (საქართველო), Van Oord PPP International-ი (ნიდერლანდი), Wondernet Express-ი (ბრიტანეთი), შპს G-Star-ი (ბულგარეთი), Conti International-ი (აშშ) და ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი.
- პროექტის სათავეში იყვნენ „ლელოს“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
- მაშინ ოფიციალურ მიზეზად მთავრობამ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. თავად კონსორციუმი კი სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეშლაზე ლაპარაკობდა. ამ საქმეზე სახელმწიფომ ორი საარბიტრაჟო დავა მოიგო.
- „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკუთარი სახსრებით აშენების პირობა დადო. მთავრობის თანახმად, ინვესტორს პორტის მხოლოდ 49%-იანი წილი ექნება.
- 2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს.
- თუმცა ამ დროის მონაცემებით, ხელშეკრულება ჯერ არ დადებულა.
- 2024 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერში ბელგიურმა Jan De Nul-მა გაიმარჯვა.
ასევე ნახეთ
ანაკლიის პორტი, წყალქვეშა კაბელი, "ტრამპის მარშრუტი" - რამდენად მყარია საქართველოს პოზიციები "შუა დერეფანში"ექსპერტების დისკუსიებში პროექტის გაჭიანურების თაობაზე, იკვეთება მოსაზრება, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება სიფრთხილეს იჩენს - რადგან სტრატეგიული პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა პრინციპული საკითხია აშშ-სთვის.
ასევე ნახეთ
ეკონომიკის სამინისტრო: სახ. დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის პორტის პროექტი გავაცანით- 2025 წლის აპრილში, აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის“ [“ჰელსინკის კომისია”] მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ თუ ანაკლიის პორტი ჩინეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება, ეს იქნება სტრატეგიულ აქტივის დათმობა იმ ქვეყნის მთავრობისთვის [ჩინეთი], რომელიც არ იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებსა და არ აღიარებს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურას.
- 2025 წლის სექტემბერში, შეერთებული შტატების „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში“ [“ჰელსინკის კომისია”] საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე აღინიშნა, რომ "ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაახლოება რუსეთთან, ირანსა და ჩინეთთან ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას.
16 აპრილს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, "ჰელსინკის კომისიის“ თანათავმჯდომარე ჯო უილსონმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავაც რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში, რომლის გარშემოც გეოპოლიტიკური კონკურენცია იზრდება.
კონგრესმენი მიუთითებს საქართველოში ჩინეთისა და რუსეთის მზარდ გავლენაზე, განსაკუთრებით ანაკლიის პორტის კონტექსტში, რომელსაც სტრატეგიულ ინფრასტრუქტურად განიხილავს. მისი თქმით, ვაშინგტონისთვის კრიტიკულია, რომ მსგავსი პროექტები არ აღმოჩნდეს ავტორიტარული ძალების კონტროლის ქვეშ.
"აშშ-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფრასტრუქტურა დარჩეს ღია და არ მოექცეს პეკინის დომინაციის ქვეშ", - ამბობს ჯო უილსონი.
ასევე ნახეთ
საქართველო გლობალური ბრძოლის ველია დიქტატორების წინააღმდეგ - ინტერვიუ კონგრესმენ ჯო უილსონთანშეკითხვაზე, აქვს თუ არა აშშ-ს ჯერ კიდევ საკმარისი ბერკეტები ჩინეთის ამბიციების შესაკავებლად რეგიონში, განსაკუთრებით ანაკლიასთან დაკავშირებით? ჯო უილსონი ამბობს, რომ, მისი აზრით, აქვს. მისი სიტყვებით, "დიპლომატიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტრუმენტები - ყველა ეფექტიანი შეიძლება იყოს".
"მთავარი მიზანი კონფრონტაცია კი არ არის, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ მნიშვნელოვანი აქტივები დარჩეს დამოუკიდებელი და ღია. იმავე მიდგომის გამოყენება შეიძლება საქართველოშიც, რათა არ მოხდეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მაგალითად, ანაკლიის გარე ძალების კონტროლის ქვეშ მოქცევა", - ამბობს უილსონი.