Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში გაემგზავრა ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი, ეკონომიკის მინისტრი
მარიამ ქვრივიშვილი, ეკონომიკის მინისტრი

ჩინეთში გაემგზავრა ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს. ქვრივიშვილს დელეგაციასთან ერთად დაგეგმილი აქვს შეხვედრები ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, "ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრები ჩინეთის კომერციის მინისტრთან ვანგ ვენთაოსთან და ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ჭოუ ჰაიბინთან"

ასევე დაგეგმილია საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ცვლილების ოქმის ხელმოწერა.

როგორც გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად პეკინში შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ:

  • მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი;
  • ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი გიორგი ტატიშვილი;
  • სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.


მანამდე, 21 აპრილის მარიამ ქვრივიშვილი თბილისში შეხვდა ჩინეთის სახალხო კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორს, ჭუანგ ჟუნგვენს შეხვდა.

"შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე. ხაზი გაესვა პროგრესს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რაც მნიშვნელოვნად განაპირობა სამთავრობო და ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებამ", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველო-ჩინეთის პარტნიორული ურთიერთობები

  • თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება: 2018 წლიდან მოქმედებს, რამაც ქართულ პროდუქციას ჩინურ ბაზარზე ტარიფების გარეშე შესვლის შესაძლებლობა მისცა.
  • სტრატეგიული პარტნიორობა: 2023 წლიდან ორ ქვეყანას შორის დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა
  • შუა დერეფანი: ჩინეთი დიდ ინტერესს იჩენს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მიმართ - 2025 წელს გადაზიდვები 71%-ით გაიზარდა.


ჩინეთში ბიზნესს ძირითადად სახელმწიფო - კომუნისტური პარტია - აკონტროლებს; შესაბამისად, კომუნისტების მიერ მართული ჩინეთის ზეგავლენის საფრთხეები აშშ-ში ფოკუსშია და ფართოდ განსახილველ თემას წარმოადგენს.

ჩინეთთან ვაჭრობა

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით:

2026 წლის პირველ კვარტალში ჩინეთთან ვაჭრობა 55.4%-ით გაიზარდა (690 მლნ აშშ დოლარი);

საქართველოსთან სავაჭრო ქვეყნებს შორის ჩინეთი, თურქეთისა და რუსეთის შემდეგ მესამე ადგილზეა 11.8%-იანი წილით;

2026 წელს ჩინეთში საქონლის ექსპორტი თითქმის 280%-მდე გაიზარდა (200 მლნ დოლარზე მეტით);

ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ძვირფასი ლითონები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები.

2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველომ ჩინეთისგან 490 მლნ-მე აშშ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, მათ შორის:

  • ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 31 მლნ დოლარი;
  • ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - 18.7 მლნ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 16.4 მლნ დოლარი, 1 732 ცალი და სხვა.


„ქართული ოცნების“ მთავრობის გაცხადებული პოზიციაა, რომ სურს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG