Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის კომერციის მინისტრს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი და ვანგ ვენთაო
მარიამ ქვრივიშვილი და ვანგ ვენთაო

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტის დროს მასპინძელი ქვეყნის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს, შეხვდა. ქართული მხარის ინფორმაციით, „მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები და მათი კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები“.

„მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც არსებული შეთანხმების თანამედროვე სავაჭრო გარემოს მოთხოვნებთან ადაპტაციას, განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროების კონკრეტიზაციას და ასევე ახალი მიმართულებების დამატებას ითვალისწინებს“, - წერია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ იქმნება „მოქნილი ჩარჩო“, რომლითაც „ინვესტიციების და ელექტრონული კომერციის მიმართულებით დამატებითი შესაძლებლობები“ ჩნდება.

ქვრივიშვილის თქმით, „ხელმოწერილი ოქმი მიზნად ისახავს არსებული შეთანხმების კიდევ უფრო გაღრმავებას და თანამედროვე სავაჭრო გარემოს მოთხოვნებთან მის ადაპტაციას“.

სამინისტროში აცხადებენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, 2017 წლიდან 2025 წლამდე ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა 148%-ით გაიზარდა.

„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და გავაძლიეროთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობენ:

  • მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი;
  • ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი გიორგი ტატიშვილი;
  • სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.

გამგზავრებამდე, გუშინ, 21 აპრილს, მარიამ ქვრივიშვილი თბილისში შეხვდა ჩინეთის სახალხო კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორს, ჭუანგ ჟუნგვენს.

საქართველო-ჩინეთის პარტნიორული ურთიერთობები

  • თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება: 2018 წლიდან მოქმედებს, რამაც ქართულ პროდუქციას ჩინურ ბაზარზე ტარიფების გარეშე შესვლის შესაძლებლობა მისცა.
  • სტრატეგიული პარტნიორობა: 2023 წლიდან ორ ქვეყანას შორის დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა.
  • შუა დერეფანი: ჩინეთი დიდ ინტერესს იჩენს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მიმართ - 2025 წელს გადაზიდვები 71%-ით გაიზარდა.


ჩინეთში ბიზნესს ძირითადად სახელმწიფო - კომუნისტური პარტია - აკონტროლებს; შესაბამისად, კომუნისტების მიერ მართული ჩინეთის ზეგავლენის საფრთხეები აშშ-ში ფოკუსშია და ფართოდ განსახილველ თემას წარმოადგენს.

ჩინეთთან ვაჭრობა

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით:

  • 2026 წლის პირველ კვარტალში ჩინეთთან ვაჭრობა 55,4%-ით გაიზარდა (690 მლნ აშშ დოლარი);
  • საქართველოსთან სავაჭრო ქვეყნებს შორის ჩინეთი, თურქეთისა და რუსეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა 11,8%-იანი წილით;
  • 2026 წელს ჩინეთში საქონლის ექსპორტი თითქმის 280%-მდე გაიზარდა (200 მლნ დოლარზე მეტით);
  • ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ძვირფასი ლითონები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები.

2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველომ ჩინეთისგან 490 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, მათ შორის:

  • ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 31 მლნ დოლარი;
  • ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტროგარდამქმნელები - 18,7 მლნ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 16,4 მლნ დოლარი, 1 732 ცალი და სხვა.


„ქართული ოცნების“ მთავრობის გაცხადებული პოზიციაა, რომ სურს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG