ტუაფსეში ჯერ ვერ აქრობენ ნავთობობიექტებზე დრონებით დარტყმის შედეგად გამოწვეულ ხანძარს

რუსეთის ქალაქ ტუაფსეში პორტის ტერიტორიაზე 20 აპრილს გაჩენილი ხანძარი

რუსეთის კრასნოდარის მხარის საპორტო ქალაქ ტუაფსეში უკვე რამდენიმე დღეა ვერ აქრობენ ნავთობობიექტებზე უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეულ ხანძარს.

დრონებით დარტყმა ჯერ 16 აპრილს იყო და ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე დღე დასჭირდა. 20 აპრილს მეორე შეტევით გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებული არ არის 23 აპრილის დღის პირველი ნახევრის მონაცემებითაც.

კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა საზღვაო ტერმინალთან მდებარე რაიონების მოსახლეობა 22 აპრილს, გვიან საღამოს გააფრთხილა, რომ ღია სივრცეში ყოფნას მოერიდონ, ფანჯრები არ გააღონ, ქუჩაში გასვლისას კი ნიღაბი გამოიყენონ.

ტუაფსეში მცხოვრებნი მანამდე სოციალური ქსელებით ავრცელებდნენ „ნავთობიანი წვიმის“ შედეგების ამსახველ ფოტოებს, რომლებზეც ჩანს მიწაზე დარჩენილი შავი ფერის ნალექი.

კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ ეს ნალექი წვიმასთან ერთად წარმოქმნეს ძლიერი ხანძრის გამო ატმოსფეროში გაფანტულმა წვის პროდუქტებმა.

გამოცემა The Moscow Times-ს მოჰყავს ეკოლოგების შეფასებები, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა.

ეკოლოგ ევგენი ვიტიშკოს თანახმად, რეგიონში ბოლო პერიოდის უმსხვილესი ეკოლოგიური კატასტროფაა, რომელიც გარემოზე უარყოფითად იმოქმედებს რამდენიმე წლის განმავლობაში.

ქიმიკოსმა ვილ მირზაიანოვმა, რომელმაც 90-იან წლებში გაასაჯაროვა ინფორმაცია საბჭოთა კავშირსა და რუსეთში „ნოვიჩოკის“ ტიპის მომწამლავი ნივთიერებების შექმნის შესახებ და მალევე რუსეთი დატოვა და აშშ-ში ცხოვრობს, 22 აპრილს ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ ატმოსფეროში გაფანტულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უკიდურესად სახიფათო კანცეროგენები.

ტუაფსეში ხანძრით გამოწვეულმა სმოგმა 21-22 აპრილს სტავროპოლის და სოჭის რაიონებამდე მიაღწია.

ასევე ნახეთ

ანაპასთან შავი ზღვის დაბინძურების წყარო სავარაუდოდ, რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერია