ტრამპი მიიჩნევს, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტში პუტინის მონაწილეობა „სასარგებლო“ იქნებოდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ ოფისში. 2026 წლის 23 აპრილი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ „დიდი ოცეულის“(G20) სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირადად მიწვევას აპირებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი მონაწილეობა „სასარგებლო“ იქნებოდა.

  • სამიტს დეკემბერში უმასპინძლებს ფლორიდის შტატის ქალაქი მაიამი. რუსეთი G20-ის წევრია.
  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ პანკინმა 22 აპრილს მედიას განუცხადა, რომ რუსეთი აშშ-ში მიწვეულია G20-ის სამიტში „უმაღლეს დონეზე“ მონაწილეობისთვის, თუმცა ვინ მიიღებს მონაწილეობას, მოგვიანებით გაირკვევა.
  • ამერიკულმა გამოცემა The Washington Post-მა დაწერა, რომ ტრამპი სამიტზე პუტინის მიწვევას აპირებს, თუმცა ოფიციალური მიწვევა ჯერ არ გაუგზავნიათ.

აშშ-ის პრეზიდენტმა 23 აპრილს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომ ზოგიერთი ცნობით, ის პუტინის მიწვევას აპირებს, უარყოფითად უპასუხა და განაცხადა, რომ ზოგადადაც არაფერი იცის მიწვევის შესახებ.

ტრამპის თქმით, ეჭვი ეპარება, რომ პუტინი სამიტისთვის აშშ-ში ჩავა, მაგრამ მისი მონაწილეობა „სასარგებლო“ იქნებოდა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროდ მიიჩნევს ყველასთან საუბარს და „დიდი რვიანიდან“ რუსეთის გარიცხვის გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

ასევე ნახეთ

“ტრამპს უბრალოდ აღარ აინტერესებს პუტინი” - პროფ. მაიკლ კიმიჯი რუსეთ-უკრაინის ომსა და აშშ-ს როლზე
  • აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, კანადის და იაპონიის არაფორმალურ გაერთიანებას, „დიდ შვიდეულს“(G7) რუსეთი 1997 წელს შეუერთდა, რის შემდეგაც „დიდი რვიანი“(G8) გახდა.
  • რუსეთს ეს გაერთიანება 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო დაატოვებინეს.
  • უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტში დასავლეთის სახელმწიფოები განიხილავდნენ რუსეთის გარიცხვის საკითხს „დიდი ოცეულიდანაც", თუმცა ამას მხარი არ დაუჭირეს „ოცეულის“ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ.
  • უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი პირადად არ დასწრებია „დიდი ოცეულის" არცერთ სამიტს.