ბრალდების მიხედვით, საბა ჯიქიამ 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს (ბექა გოტიაშვილს) ფეხი დაარტყა სხეულის არეში. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც, პოლიციელზე თავდასხმა ისჯება 4-დან 7 წლამდე პატიმრობით.
ამ საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
საბა ჯიქია დაკავების დროს 18 წლის იყო.
2024 წლის ნოემბრის შემდეგ პოლიციამ არაერთი დემონსტრანტი დააკავა აქციებზე სამართალდამცავებზე ძალადობის ბრალდებით. დემონსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
აქციებზე პოლიციამ არაერთ დემონსტრანტზე იძალადა, მათგან არავინ დასჯილა.