სოციალური გამოკითხვების თანახმად, პუტინის რეიტინგი ზედიზედ მეშვიდე კვირაა ეცემა

ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 23 მაისი, 2019.

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა სახელმწიფო ანალიტიკურმა ცენტრმა (ВЦИОМ) დააფიქსირა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოწონების რეიტინგის მორიგი კლება. პარასკევს გამოქვეყნებული უახლესი ყოველკვირეული გამოკითხვის შედეგების თანახმად, პუტინის მოწონების რეიტინგი ზედიზედ მეშვიდე კვირაა, კლებულობს.

„აგენტსტვოს“ ცნობით, სტატისტიკა ВЦИОМ-ის ვებსაიტზე ჩვეულებრივზე ორი საათით გვიან გამოჩნდა.

პუტინის მოწონების რეიტინგი ერთ კვირაში 1,1 პროცენტული პუნქტით დაეცა და 65,5%-ს მიაღწია. რეიტინგის ამაზე უფრო დაბალი მაჩვენებელი იყო მხოლოდ ოთხ წელზე მეტი ხნის წინ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე. 2026 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი 74%-ს შეადგენდა. კიდევ ერთი მაჩვენებელი - პუტინისადმი ნდობის რეიტინგი - ასევე კლებულობს: ВЦИОМ-ის გამოკითხულთა 71%-მა დადებითად უპასუხა ნდობის შესახებ კითხვას, რაც წინა კვირასთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

კლებულობს მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ მხარდაჭერაც, თუმცა, ВЦИОМ-ის მონაცემებით, პარტია „ედინაია როსიას“ რეიტინგი ოდნავ გაიზარდა. მთავრობასთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა სააგენტომ , ФОМ-მა, პუტინის მიმართ ნდობის დონე 74%-ზე დააფიქსირა, რაც გასული კვირის ანალოგიური მაჩვენებელია - ეს ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

სოციოლოგიური სამსახურები პუტინის რეიტინგის შემცირების კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებენ. ბოლო კვირების განმავლობაში ინტერნეტის ბლოკირებამ უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორის ომის მომხრე წრეებში. ბლოგერ ვიქტორია ბონიას პუტინისადმი ვიდეომიმართვამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბონიამ ისაუბრა ხალხსა და პუტინს შორის „უზარმაზარ კედელზე“ და იმაზე, რომ მისი ეშინია ყველას, „გუბერნატორებსაც“ კი.

ასევე ნახეთ

ტრამპი მიიჩნევს, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტში პუტინის მონაწილეობა „სასარგებლო“ იქნებოდა