პენტაგონი განიხილავს ნატოს იმ მოკავშირეთა დასჯის ვარიანტებს, რომლებმაც, აშშ-ის ადმინისტრაციის აზრით, მხარი არ დაუჭირეს ამერიკის ოპერაციებს ირანის წინააღმდეგ ომში. შეთავაზებულ ზომებს შორისაა „პრობლემური“ ქვეყნების წარმომადგენელთა გათავისუფლება ნატოს მნიშვნელოვანი ან პრესტიჟული თანამდებობებიდან, ვაშინგტონის პოზიციის გადახედვა ფოლკლენდის კუნძულებზე ბრიტანეთის პრეტენზიების საკითხში, ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ესპანეთის წევრობის შეწყვეტა. ამის შესახებ Reuters-მა გამოაქვეყნა ცნობა 24 აპრილს ანონიმ ამერიკელ ოფიციალურ პირზე და პენტაგონის შიდა მოხმარების ელექტრონულ წერილზე დაყრდნობით.
როგორც სააგენტო იტყობინება, მადრიდმა აშშ-ის ადმინისტრაციის განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან ესპანეთის ხელისუფლებამ ვაშინგტონს საკუთარი სამხედრო ბაზებისა და საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი უთხრა ირანზე დარტყმების განსახორციელებლად. წერილში ნათქვამია, რომ ნატოში ესპანეთის წევრობის შეჩერება შეზღუდულ გავლენას მოახდენდა აშშ-ის სამხედრო ოპერაციებზე, მაგრამ ამასთან „მნიშვნელოვანი სიმბოლური ეფექტი“ ექნებოდა.
Reuters-ის წყაროს არ დაუსახელებია, როგორ აპირებს პენტაგონი ალიანსში ესპანეთის წევრობის შეწყვეტას. ტრადიციულად, მსგავსი გადაწყვეტილებების მისაღებად ალიანსის 32-ვე წევრის თანხმობაა საჭირო.
პენტაგონიდან გამოჟონილი ამ ინფორმაციის კომენტირებისას ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ნატოს ერთგულია. „ესპანეთის მთავრობის პოზიცია ნათელია: აბსოლუტური თანამშრომლობა ჩვენს მოკავშირეებთან“, განაცხადა მან ევროკავშირის სამიტზე კვიპროსში. მაგრამ მან დასძინა, რომ ამ თანამშრომლობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ „საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“.
როგორც Deutsche Welle იტყობინება, ნატოში ესპანეთის წევრობის შეწყვეტის ამერიკულ ინიციატივას გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ესპანეთი ნატოს წევრია და ის ვერ ხედავს ამის შეცვლის მიზეზებს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ განიხილავს ნატოდან აშშ-ის გასვლას. მაგრამ, როგორც Reuters-ი შენიშნავს, პენტაგონის დოკუმენტში ეს ნახსენები არ არის. წერილში არ არის ლაპარაკი არც ევროპაში ამერიკის ბაზების დახურვაზე, მაგრამ სააგენტოს თანამოსაუბრემ ღიად დატოვა შეკითხვა კონტინენტზე აშშ-ის სამხედრო ყოფნის შესაძლო შემცირების შესახებ.
გუშინ Politico იტყობინებოდა, რომ თეთრმა სახლმა შეადგინა ნატოში „კარგი“ და „ცუდი“ მოკავშირეების სიები. უკანასკნელთა შორის მოიხსენიება ქვეყნები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს აშშ-ის სამხედრო კამპანიას ირანის წინააღმდეგ.
მარტის ბოლოს The Telegraph-ი იტყობინებოდა, რომ დონალდ ტრამპი ნატოში ხმის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას განიხილავს ალიანსის იმ წევრებისთვის, რომლებსაც სამხედრო ხარჯები ჯერ არ გაუზრდიათ დაგეგმილ დონემდე, მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე. ჟურნალისტების მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ასეთი ვარიანტის შესწავლა დაიწყო მას შემდეგ, რაც მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უარი თქვეს ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის საკუთარი გემების გაგზავნაზე.