რუმინეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს 25 აპრილს აღმოაჩინეს ორი დრონის ნამსხვრევები. იუწყებიან, რომ ერთ-ერთი ჩავარდა ქალაქ გალაცის რაიონში და კერძო საკუთრება დააზიანა. დაშავებული ადამიანები არ არიან.
მეორე უპილოტო საფრენი აპარატი, როგორც რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, აღმოაჩინეს სოფელ ვეკერენთან ახლოს მდებარე ფერმასთან.
რუმინეთის ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს, რომელმაც შაბათის ღამეს უკრაინაზე - რუმინეთთან მოსაზღვრე ოდესის ოლქის ჩათვლით - დრონებით მასშტაბური იერიშები მიიტანა. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი გამოიძახეს.
რუსეთის მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუვრცელებია რუმინეთის განცხადების პასუხად.