კობახიძე: ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გმობს „ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას“. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში X-ში.

„უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი, უსაფრთხოდ არიან“, - დაწერა კობახიძემ.

25 აპრილს აშშ-ში, ვაშინგტონში, სასტუმრო „ჰილტონში“ გასროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა პრეზიდენტი ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და 2500-ზე მეტი სხვა ადამიანი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სადილზე იმყოფებოდნენ.

ღონისძიება 1921 წელს დაარსდა და ყოველწლიურად იმართება. ვახშამს ესწრებიან მაღალჩინოსნები, ჟურნალისტები და სამოქალაქო პირები. ტრამპი ამ ღონისძიებას პირველად დაესწრო.

ასევე ნახეთ

სროლა იყო იმ სასტუმროში, სადაც ტრამპის მონაწილეობით ვახშამი იმართებოდა - ეჭვმიტანილი დაკავებულია

უცნობმა კაცმა უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც ჯეი დი ვენსი, დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაიყვანეს.

პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ოფიცერს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა და კარგ მდგომარეობაშია.

სავარაუდო თავდამსხმელად სამართალდამცავმა ორგანოებმა 31 წლის კოულ ტომას ალენი დაასახელეს, რომელიც ლოს-ანჯელესის რაიონში ცხოვრობს.

კოლუმბიის ოლქის პროკურორმა ჯანინ პირომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაცს ბრალს წაუყენებენ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისთვის:

„ცხადია, რომ ამ პირს განზრახული ჰქონდა რაც შეიძლება მეტი ზიანის მიყენება“.