ჩიხში შესული მოლაპარაკების ფონზე ირანი შეერთებულ შტატებს სთავაზობს ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ომის დასრულებაზე შეთანხმებას და ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების გადადებას უფრო გვიანი ეტაპისთვის. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Axios-ი წერს ამერიკელ ოფიციალურ პირზე და კიდევ ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, ირანის ხელისუფლებაში აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ, თუ რა უნდა დათმოს ირანმა ბირთვული პროგრამის საკითხში, ამიტომ თეირანის ახალი წინადადება ქმნის შესაძლებლობას, რომ ამ პრობლემას გვერდი აუარონ ომის დასასრულებლად შეთანხმების სწრაფად მისაღწევად.
ამასთან, ჰორმუზის სრუტისთვის ბლოკადის მოხსნისა და ომის დასრულების შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აღარ ექნება ზეწოლის ბერკეტი მომავალი მოლაპარაკებებისთვის, რათა ირანისგან მიაღწიოს ბირთვული პროგრამის დახურვას.
ოფიციალურად სწორედ თეირანის ბირთვული პროგრამაა მიზეზი, რომლის გამოც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.
- აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს.
- აშშ და ირანი ჯერჯერობით ვერ ახერხებენ პაკისტანის შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკების გაგრძელებას.
ასევე ნახეთ
ტრამპი: გაუქმდა ისლამაბადში უიტკოფის და კუშნერის ვიზიტიAxios-ს თეთრ სახლში დაუდასტურეს ირანისგან წინადადების მიღება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, განიხილავს თუ არა მას აშშ. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, ოლივია უეილსის თანახმად, როგორც პრეზიდენტმა თქვა, აშშ-ს კოზირები აქვს და შეთანხმებას დადებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველ ადგილზე ამერიკელი ხალხის ინტერესები იქნება და ირანს არასდროს მისცემენ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას.
Axios-ის წყაროთა ცნობით, პრეზიდენტი ტრამპი 27 აპრილს გეგმავს შეხვედრას თავის გუნდთან, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს, რათა განიხილონ ირანთან ჩიხში შესული მოლაპარაკებები და შემდგომი ნაბიჯები.
ირანის და ჰეზბოლას მხარდამჭერად მიჩნეული ლიბანური ტელეარხის, Al Mayadeen-ის წყაროთა თანახმად, თეირანმა შუამავლებს გააცნო სამეტაპიანი ფორმულა და თუ მას ვაშინგტონი დასთანხმდება, მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ამ წყაროების ცნობით, პირველი ეტაპი ითვალისწინებს საომარი მოქმედებების საბოლოოდ შეწყვეტას და გარანტიების მიღებას, რომ ირანის და ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ ომი აღარ განახლდება. ამ საკითხზე შეთანხმების შემთხვევაში მეორე ეტაპია ჰორმუზის სრუტის მართვის საკითხების განხილვა და შეთანხმების შემდეგ გადასვლა მესამე ეტაპზე - ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებზე.
ასევე ნახეთ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩავიდა- ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყო. თეირანის მხრიდან ერთ-ერთი საპასუხო ზომა იყო ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.
- 7 აპრილს, პაკისტანის შუამავლობით, შეერთებული შტატები და ირანი დასთანხმდნენ მოლაპარაკებას, მანამდე კი საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას. თუმცა ირანმა სრუტე არ გახსნა და მიზეზად ის დაასახელა, რომ ორკვირიანი ზავის მიუხედავად ისრაელმა ლიბანში არ შეწყვიტა პროირანული ჰეზბოლას საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაცია.
- 11-12 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართა სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პირველი მოლაპარაკება აშშ-სა და ირანს შორის. ვაშინგტონმა ვერ მიაღწია მთავარი მოთხოვნის შესრულებას, თეირანის უარს ბირთვულ პროგრამაზე.
- ისლამაბადში უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის საზღვაო ბლოკადის ბრძანება გასცა.
- 16 აპრილს, ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლებს შორის ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიღწეულია ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმება. თავის მხრივ, ირანმა გამოაცხადა, რომ ზავის მოქმედების პერიოდში ჰორმუზის სრუტე ყველა სავაჭრო გემისთვის ღია იქნება.
- 18 აპრილს ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში გემების მიმოსვლა ისევ დაბლოკა ამერიკული საზღვაო ბლოკადის გამო.
- პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 20-26 აპრილის კვირაში უნდა გამართულიყო, მაგრამ არ შედგა.