Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბას არაყჩი: ირანმა ჰორმუზის სრუტე კვლავ გახსნა

ფოტო არქივიდან: გემი ჰორმუზის სრუტეში, ომანის მუსანდამის პროვინციის სანაპიროსთან
ფოტო არქივიდან: გემი ჰორმუზის სრუტეში, ომანის მუსანდამის პროვინციის სანაპიროსთან

ირანმა კვლავ გახსნა ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის ცეცხლის შეწყვეტის პერიოდის განმავლობაში — განაცხადა ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ.

"ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესაბამისად, ჰორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გავლისთვის გზა სრულად ღიაა ცეცხლის შეწყვეტის პერიოდის დარჩენილ ვადაში", — დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.

მინისტრმა დაამატა, რომ გემებს შეუძლიათ იმოძრაონ ირანის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული შეთანხმებული მარშრუტით.

"ჰორმუზის სრუტე სრულად ღიაა და მზად არის საქმიანი და შეუზღუდავი მიმოსვლისთვის; თუმცა საზღვაო ბლოკადა სრულად შენარჩუნდება მხოლოდ ირანის წინააღმდეგ, სანამ ირანთან ჩვენი შეთანხმება 100%-ით არ შესრულდება. ეს პროცესი ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს, რადგან საკითხების უმეტესობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია", - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.


ადრე ვაშინგტონში ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართა – ეს იყო პირველი ასეთი მოლაპარაკებები 1993 წლის შემდეგ. შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესწრებოდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში დიალოგს გააგრძელებენ.

1948 წელს ისრაელის დაარსების შემდეგ ისრაელი და ლიბანი ფორმალურად კვლავ ომის მდგომარეობაში არიან.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ თეირანმა სრუტეში მიმოსვლის შეჩერების შესახებ განაცხადა.
სრუტის გავლით მსოფლიო ბაზარზე გადიოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების 15-20%, ხოლო თხევადი გაზის 30%-ზე მეტი.
დახურვამ გამოიწვია სპარსეთის ყურის წამყვანი მწარმოებლების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირება და ენერგორესურსების ფასების ზრდა მთელ მსოფლიოში.
8 აპრილს აშშ-მა და ირანმა ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს. ირანელმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ მოითხოვეს, და შუამავალმა პაკისტანმაც განაცხადა ეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილია ლიბანში ომიც.

აშშ-მ და ისრაელმა განაცხადეს, რომ ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG