რევაზ სოხაძე: რატომ შენდება კორპუსი რამდენიმე თვეში და ვერ შენდება 3-სართულიანი სკოლა 1 წელში?!

რევაზ სოხაძე.

„ქართული ოცნების“ მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე ამბობს, რომ სამართლებრივი რეაგირება ექნებათ სახელმწიფოს დაკვეთით ასაშენებელ პროექტებზე, რომელიც დროში გაჭიანურდა. მან „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრის დროს სკოლები გამოყო.

„გაივლით ქუჩაში და რომ გგონიათ თავისუფალი ადგილია, უცბად წამოჭიმულ კორპუსს ხედავთ - იმიტომ, რომ ძალიან მოკლე დროში აშენდა მრავალსართულიანი კორპუსი. რატომ შეიძლება, რომ რამდენიმე თვეში აშენდეს 10-15-სართულიანი კორპუსი და რატომ არ შეიძლება 3-სართულიანი სკოლა აშენდეს 1 წელიწადში?! და რატომ შეიძლება დასჭირდეს წლები. ეს არის საზოგადოების ტკივილი“, - განაცხადა სოხაძემ.

მისივე სიტყვებით, მას დათვალიერებული აქვს სამინისტროს დაკვეთით მიმდინარე ასობით პროექტი, თუმცა მხოლოდ ერთზე შენიშნა „პიონერი“ (ე.წ. გარე ლიფტი), რომლითაც სართულებზე სამშენებლო მასალები აჰქონდათ - „რაც პროცესს, ბუნებრივია, აჩქარებს“.

საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, არაერთი სკოლაა რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლების წინ დაიწყო, თუმცა მაინც ვერ დასრულდა. ამ სკოლის მოსწავლეები სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არიან გადანაწილებული.

ასევე ნახეთ

„ყველა სხვა სკოლაშიც სხვა სკოლაა შესახლებული“ - ახალი სასწავლო წელი „შესახლებულთა“ ძველი პრობლემებით