პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად სუსის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის დანიშვნას.
ცვლილებებს საქართველოს მთავრობის „სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესში“ 83 დეპუტატი მიემხრო, წინააღმდეგი 12 იყო.
ცვლილებები დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარმოუდგინა.
შეკითხვები ცვლილებების აუცილებლობაზე, სამართალდამცავი ორგანოების მაკოორდინირებელი ფუნქციის მნიშვნელობაზე, იმაზე, არის თუ არა ახალი პოსტი კონკრეტულად მამუკა მდინარაძისთვის შექმნილი და მთავრობის შეფასებით, ეს მისი დაწინაურებაა თუ დაქვეითება, - ჰქონდათ ოპოზიციური პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებს.
გახარიას გუნდის შეკითხვები
შალვა კერესელიძე: "არ მახსოვს შემთხვევა, რომ თუნდაც ახალი სამინისტროს შექმნის შემთხვევაში, პარლამენტში შემოსულიყო დასამტკიცებლად და პარლამენტს მიეღო გადაწყვეტილება, რომ არ ყოფილიყო წარმოდგენილი და პარლამენტმა არ იცოდეს მისი ფუნქციები, უფლება-მოვალეობები, შტატები, ბიუჯეტი".
ვიკა ფილფანი: ეს კონკრეტული თანამდებობა მდინარაძის ჩამოქვეითებაა თუ დაწინაურება? - კი თუ არა?
გიგა ფარულავა: ეს თანამდებობა მამუკა მდინარაძისთვის შეიქმნა? კი თუ არა?
სოფიო ხორგუანი: რა განსაკუთრებული საფრთხის წინ დავდექით ახლა, რაც არ იყოს ერთი წლის წინ, რის გამოც იქმნება ახალი თანამდებობა?
"ხალხის ძალის" წარმომადგენელი, დეპუტატი ლადო ბოჟაძე კი დაინტერესდა, გაუწევს თუ არა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კოორდინაციას თავდაცვის სამინისტროს მშვიდობიანობის დროს.
ასევე ნახეთ
„უპორტფელო მინისტრი“ - რა პოსტს უმზადებენ მდინარაძეს მთავრობაში?კოორდინაციის ფუნქცია
ვახტანგ ბაჩიაშვილის თანახმად, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებაში დაზუსტდება. მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში განთავსდება.
სახელმწიფო მინისტრის მანდატი გააერთიანებს სამი სტრუქტურის კოორდინირებას:
შინაგან საქმეთა სამინისტრო და ორი სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
ბაჩიაშვილის თქმით, ეს კოორდინაცია განსხვავდება იმ ურთიერთობისგან, რომელიც სახელმწიფო მინისტრს ექნება ისეთ კონსტიტუციურ ორგანოებთან, როგორებიც არის საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და სასამართლო ხელისუფლება, "რომელთა კონსტიტუციური მანდატი არ იძლევა მათი კოორდინირების შესაძლებლობას და ეს არც არის ამ კანონპროექტის მიზანი და ვერ დაარღვევს აღნიშნული რეგულირება მათ დამოუკიდებლობას", - ბაჩიაშვილმა დაამატა, რომ
"კონკრეტული შედეგის მისაღებად, რაც სამართალდაცვითი საქმიანობის ეფექტურად წარმართვას და სწორი შედეგების მიღებას ითვალისწინებს, მნიშვნელოვანია, რომ სწორი და სწრაფი კოორდინირება ხორციელდებოდეს ამ კონსტიტუციურ ორგანოებთან".
სახელმწიფო მინისტრის აპარატი
კანონპროექტის თანახმად, მამუკა მდინარაძეს არ ეყოლება თავისი აპარატი და „მისი აპარატის ფუნქციას შეასრულებს მთავრობის ადმინისტრაცია“.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა განმარტა, შტატების არარსებობა განპირობებულია მისი, როგორც სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებით და არა ახალი ორგანიზაციული წარმონაქმნის - ორგანიზაციის შექმნით.
"საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აქვს სრული რესურსი, შესაძლებლობა როგორც მატერიალური, ასევე ადამიანური, რომ გაუწიოს შესაბამისი დახმარება დაახლოებით 300-კაციანი შტატების მეშვეობით სახელმწიფო მინისტრს, ისევე როგორც ის დღეს ემსახურება საქართველოს პრემიერ-მინისტრს", - თქვა ბაჩიაშვილმა.
მანვე დაამატა, რომ რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანაშემწის საკითხს, "ლოგიკურია, რომ სახელმწიფო მინისტრს ჰყავდეს თანაშემწე - მას თანაშემწეც ეყოლება".
თანამდებობა მდინარაძისთვის?
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებს მიმართა და თქვა, რომ თავისი მანდატიდან გამომდინარე, არ უპასუხებს მათ შეკითხვებს ისე, როგორც მათ სურთ ანუ "კის" და "არას" ფორმატში, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქციის შესრულება ცოტას თუ შეუძლია.
"სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნა უმნიშვნელოვანესი ამოცანის და საკითხის მოსაწესრიგებლად - ეს არის კოორდინაცია სამართალდამცავი ორგანოების ყოველდღიურ საქმიანობაში. ამ ფუნქციის შესრულება შეუძლია არა ბევრ ადამიანს, ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია და პრემიერ-მინისტრმაც გადაწყვეტილების მიღების დროს იხელმძღვანელა ამ კრიტერიუმებით, თუ ვინ შეძლებდა ამ უფლებამოსილების განხორციელებას", - თქვა ბაჩიაშვილმა.
რაც შეეხება ლადო ბოჟაძის შეკითხვას, მან თქვა, რომ სახელმწიფო მინისტრის პორტფელი თავდაცვის ძალებთან მაკოორდინირებელ ფუნქციას არ ითვალისწინებს.
თანამდებობის შემოღების არგუმენტაცია
ვახტანგ ბაჩიაშვილის თქმით, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა არის კონსტიტუციით განსაზღვრული - არა მუდმივი თანამდებობა და ის იქმნება კონკრეტულად ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე.
"სახელმწიფო განვითარების კონკრეტულ ეტაპზე, შესაძლებელია [თანამდებობა] იყოს დროებითი, შესაძლებელია არსებობდეს დიდი ხნის განმავლობაში, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც კონკრეტულად სახელმწიფოს აქვს და გამომდინარე აქიდან მოხდეს მისთვის კონკრეტული ფუნქციის გადაცემა და ამ ფუნქციის გადაცემით კი იმის ხაზგასმა, თუ რა არის სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული", - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებაა გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით, ახალი სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას მატერიალურ-ტექნიკურად და ორგანიზაციულად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
21 აპრილის სამთავრობო ცვლილებების თანახმად, მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერადაც დაინიშნა.
მამუკა მდინარაძე სუსის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბრიდან მუშაობდა. მან შეცვალა ანრი ოხანაშვილი, რომლის წინამორბედიც (გრიგოლ ლილუაშვილი) პატიმრობაშია. ლილუაშვილს დიდი ოდენობით თანხის გათეთრებას ედავებიან, „ქოლცენტრების“ ფლობასთან და მფარველობასთან ერთად.