სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნა - უწყებას მდინარაძე უხელმძღვანელებს

მამუკა მდინარაძე

პარლამენტში მესამე, საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირეს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნას. ამ პოსტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

კერძოდ, ცვლილებებს “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილებოდა, 84 დეპუტატი მიემხრო, 10 წინააღმდეგი იყო.

მამუკა მდინარაძე სუსის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბრიდან მუშაობდა. ის 6 წლის ვადით იყო არჩეული, მან შეცვალა ანრი ოხანაშვილი, რომლის წინამორბედი გრიგოლ ლილუაშვილი პატიმრობაშია. ლილუაშვილს დიდი ოდენობით თანხის გათეთრებას ედავებიან, „ქოლცენტრების“ ფლობასთან და მფარველობასთან ერთად.

სახელმწიფო მინისტრის მანდატი გააერთიანებს სამი სტრუქტურის კოორდინირებას

ესენია:

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო და ორი სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;
  • საქართველოს პროკურატურა;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახური.


მამუკა მდინარაძეს არ ეყოლება თავისი აპარატი და „მისი აპარატის ფუნქციას შეასრულებს მთავრობის ადმინისტრაცია“, - თქვა საკითხის წარდგენისას მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებაში დაზუსტდება. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში განთავსდება.

ასევე ნახეთ

მდინარაძის სახელმწიფო მინისტრად დანიშვნას პარლამენტში პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

"სამართალდამცავი ორგანოები არის ძალიან სპეციფიური. ყოველდღიურ რეჟიმში არის ხშირად ასეულობით საკითხი შესათანხმებელი, რასაც პირადად მე მარტო ვერ შევძლებ. ტექნიკური კუთხითაც კი შეუძლებელია", - ასე უპასუხა "ქართლი ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 29 აპრილს მედიის შეკითხვას სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობის შემოღების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

მისი სიტყვებით, "აქამდეც, მამუკა მდინარაძე სინამდვილეში ასრულებდა საერთო კოორდინაციის ფუნქციას, ეს შეიძლება არ იყო ბოლომდე სწორი, რადგან არ იყო ფორმალიზებული. რასაც აკეთებდა ისედაც მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობისას, ამას მიეცემა უკვე ფორმალიზებული სახე, რაც სწორია. ასე გამოვიდა, რომ დამატებით ამ ფუნქციასაც ასრულებდა. ახლა უკვე, რაც ისედაც ხდებოდა, იმას მიეცემა ფორმალიზებული სახე, რაც სწორია".

კობახიძის სიტყვებით, ეს ფუნქცია მდინარაძეს "ქართული ოცნების" გუნდისგან ჰქონდა მინიჭებული, "იმიტომ რომ ამის საჭიროება არსებობდა".

ასევე ნახეთ

„უპორტფელო მინისტრი“ - რა პოსტს უმზადებენ მდინარაძეს მთავრობაში?