აშშ განიხილავს გერმანიაში სამხედრო კონტინგენტის შემცირებას

ფოტო არქივიდან. ამერიკული სამხედრო ბაზის შესასვლელი გერმანიის ქალაქ ბიტბურგის მახლობლად

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, შეამციროს გერმანიაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების რიცხვი. ევროპაში ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი აშშ-ს გერმანიაში ჰყავს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 29 აპრილს სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ აშშ სწავლობს და განიხილავს გერმანიაში ჯარების რიცხოვნობის შემცირების შესაძლებლობას და გადაწყვეტილება უახლოეს ხანში უნდა მიიღონ.

  • გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნობა 36 ათასს აჭარბებს. შეერთებულ შტატებს გერმანიაში რამდენიმე სამხედრო ბაზა აქვს.
  • როგორც გერმანული სააგენტო dpa წერს, დონალდ ტრამპი გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირებით იმუქრებოდა პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის 29 აპრილის განცხადებას გერმანიაში ამერიკული ჯარების შესაძლო შემცირების თაობაზე, წინ უძღოდა ირანის შესახებ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის კომენტარი, რომელმაც ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია

27 აპრილს მერცმა გერმანიის ქალაქ მარსბერგის გიმნაზიის მოსწავლეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყება გაუაზრებელი იყო, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყეს ევროპასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე და ამ ეტაპზე გაუგებარია ომის დასასრულებლად აშშ-ის სტრატეგია. მერცს ადრეც არაერთხელ გამოუხატავს უარყოფითი დამოკიდებულება ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების მიმართ.

ასევე ნახეთ

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ტრამპს მოუწოდეს, სწრაფად დაასრულოს ირანთან ომი

გერმანიის ფედერალური კანცლერი მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა 28 აპრილს Truth Social-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ ფრიდრიხ მერცი ნორმალურად მიიჩნევს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და „არ იცის, რაზე ლაპარაკობს“, რადგან ირანს რომ ეს იარაღი ჰქონდეს, მძევლად იქცეოდა მთელი მსოფლიო.

ტრამპის თანახმად, ირანის წინააღმდეგ მან მიმართა ზომებს, რაც სხვა ქვეყნებს და პრეზიდენტებს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებითვე, „გასაკვირი არ არის, რომ გერმანიაში საქმე ცუდად მიდის როგორც ეკონომიკაში, ისე ყველგან“.

ტრამპის მხრიდან კრიტიკის შემდეგ მერცმა, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ გერმანია ეწინააღმდეგება ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას, 29 აპრილს განაცხადა, რომ ტრამპთან მისი კარგი პირადი ურთიერთობა არ შეცვლილა და კვლავაც კონსტრუქციული დიალოგი აქვთ.

ასევე ნახეთ

გერმანია დროებით ზომას მიმართავს საწვავის გაძვირებით გამოწვეული ვითარების შესამსუბუქებლად

საწვავის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო მარშრუტის, ჰორმუზის სრუტის დაბლოკვამ, რაც შედეგად მოჰყვა 2026 წლის თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებას, პრობლემები შეუქმნა გერმანიასაც.

გერმანიის სტატისტიკის სამსახურის მიერ 29 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, აპრილში საწვავი 10,1%-ით გაძვირდა, რამაც საერთო ინფლაციის 2,9%-მდე გაზრდა გამოიწვია. ირანში ომის დაწყებამდე გერმანიაში ინფლაცია 1,9% იყო.