- გერმანიაში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საწვავი გაძვირდა მას შემდეგ, რაც ირანმა მის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთ საპასუხო ზომად ჩაკეტა ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე.
გერმანიის მმართველი კოალიციის მიერ 13 აპრილს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, ყოველ ლიტრ ბენზინსა და დიზელის საწვავზე გადასახადი დაახლოებით 17 ცენტით ნაკლები იქნება მომდევნო ორი თვის განმავლობაში.
ფედერალური კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ეს ზომა სიტუაციას გააუმჯობესებს ავტომფლობელებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც საწვავის გაძვირებით დაზარალდნენ. საგადასახადო შეღავათის საერთო მოცულობა დაახლოებით 1,6 მილიარდი ევრო იქნება.
2026 წლის მარტიდან გერმანიაში ლიტრი ბენზინი 10 ცენტზე მეტით გაძვირდა, ხოლო დიზელი თითქმის 50 ცენტით.
- ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე, 2022 წლის შემდეგ პირველად, ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა.
- გასულ კვირაში, როცა აშშ და ირანი ორკვირიან ზავს და მოლაპარაკებას დასთანხმდნენ, ბარელი ნავთობის ფასი ას დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა.
აშშ-ირანის მოლაპარაკება, რომელიც 11-12 აპრილს პაკისტანში მიმდინარეობდა, უშედეგოდ დასრულდა. პრეზიდენტმა ტრამპმა ჰორმუზის სრუტის დაბლოკვის ბრძანება გასცა. 13 აპრილს ბარელი ნავთობის ღირებულებამ ისევ ას დოლარს გადააჭარბა.
ფორუმი