Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ტრამპს მოუწოდეს, სწრაფად დაასრულოს ირანთან ომი

მარცხნიდან: ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი და კირ სტარმერი. ჰააგა, 24 ივნისი, 2025.
მარცხნიდან: ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი და კირ სტარმერი. ჰააგა, 24 ივნისი, 2025.

ონლაინ შეხვედრის დროს „დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერებმა მოუწოდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სწრაფად დაასრულოს ირანთან ომი და აღნიშნეს, რომ რა შეიძლება სწრაფად არის აუცილებელი ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამის შესახებ Axios იუწყება წყაროებზე დაყრდნობით.

პასუხად ტრამპმა თქვა, რომ ჰორმუზის სრუტეში ვითარება უმჯობესდება და კომერციულმა გემებმა უნდა განაახლონ ამ რაიონში მოძრაობა. ოთხშაბათს ღამით ერაყის სანაპიროსთან ორ ტანკერს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ხელსუფლებამ შეაჩერა ქვეყნის ყველა ნავთობტერმინალის მუშაობა.

Axios-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ ტრამპს არ დაუდგენია ოპერაციის დასრულების ვადა, მაგრამ თქვა, რომ „სამუშაო უნდა დასრულდეს“, რათა თავიდან იქნეს აცილებული ირანთან კიდევ ერთი ომი ხუთი წლის შემდეგ.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ირანი „კაპიტულაციის ზღვარზეა“. „არავინ იცის, ვინ არის ლიდერი, ამიტომ ვერავინ გამოაცხადებს კაპიტულაციას“, თქვა ტრამპმა.

Axios-ის ცნობით, ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ წარმოთქვა თავისი პირველი მიმართვა, რომელშიც პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას და შურს იძიებს ირანის „მოწამეთათვის“. ხამენეიმ ასევე განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის მეხუთედი გადაიზიდება, ჩაკეტილი უნდა დარჩეს „ზეწოლის ინსტრუმენტის“ სახით.

Axios-ის წყაროების ცნობით, საუბრის დროს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს ტრამპს, არ დაუშვას მოსკოვის მიერ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის საკუთარი სარგებლისთვის გამოყენება ან სანქციების შემსუბუქების მოსაპოვება.

13 მარტს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დროებით დაუშვა გემებზე 2026 წლის 12 მარტამდე დატვირთული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვა. ნებართვა ძალაში იქნება ერთი თვის განმავლობაში.

აშშ და ისრაელი ირანს 28 თებერვლიდან ურტყამენ. თეირანმა უპასუხა თავდასხმებით ისრაელზე და სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე. ჰორმუზის სრუტე თითქმის მთლიანად გადაკეტილია - ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სრუტეში ექვს გემს დაესხნენ თავს. ამან გამოიწვია სპარსეთის ყურის მსხვილი მწარმოებლების მიერ ნავთობის წარმოების შემცირება და ენერგორესურსების ფასების ზრდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG