საქართველოს თავდაცვის ძალებს 35 წელი შეუსრულდა

დღეს წვევამდელებმა სამხედრო ფიციც დადეს.

35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალები შეიქმნა. ამ დღის აღსანიშნად ღონისძიება იმართება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე.

დღეს წვევამდელებმა სამხედრო ფიციც დადეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ სიტყვით მიმართეს დამსწრეებს.

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე უსაფრთხოებაზე გაამახვილა ყურადღება:

„ამიტომ საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თქვენი სათანადო მხარდაჭერა, პროფესიული განვითარება და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და იმ მომავალს, რომელსაც ერთად ვაშენებთ“.

პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ჯარი ტერიტორიული მთლიანობის გარანტია:

„მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია. ამავდროულად, ქართული ჯარი ყოველთვის მზად არის, დაიცვას ჩვენი მიწა-წყალი და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. თქვენი სიმტკიცისა და პროფესიონალიზმის იმედი მუდამ აქვს ჩვენს სახელმწიფოს“.

1990 წლის დეკემბერში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმია მის საფუძველზე განვითარდა.

„1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი“, - ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე.

საქართველოს არმიას მოგვიანებით შეიარაღებული ძალები ეწოდა. 2019 წლის შემდეგ კი ჰქვია საქართველოს თავდაცვის ძალები.

საქართველოს თავდაცვის ძალების სახეობებია:

  • სახმელეთო ძალები;
  • საჰაერო ძალები;
  • ეროვნული გვარდია;
  • სპეციალური ოპერაციების ძალები.