პერმის ოლქის გუბერნატორ დმიტრი მახონინის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ერთ-ერთ სამრეწველო მოედანზე” იყო „მტრის უპილოტოს მოფრენა”, „დაშავებულები და მნიშვნელოვანი ნგრევა არ არის”.
გუბერნატორს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.
მახონინი ობიექტის დაკონკრეტების გარეშე „ერთ-ერთ სამრეწველო მოედანზე” დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა 29 აპრილსაც, როცა პერმში უკრაინული დრონებით დარტყმა იყო ნავთობის საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურზე(საქაჩი სადგური), რომელიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართულ კომპანია „ტრანსნეფტს“ ეკუთვნის.
ასევე ნახეთ
უკრაინა ადასტურებს დარტყმას „ტრანსნეფტის“ სადგურზე რუსეთის ქალაქ პერმშირუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ნაწილის ცნობით, 30 აპრილს პერმის საქაჩ სადგურზე განმეორებითი დარტყმა იყო.
კიდევ ერთ ობიექტს ასახელებს რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად” გამოცხადებული გამოცემა ASTRA. ის თვითმხილველთა მიერ გადაღებული და სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ პერმში დრონებით შეტევა იყო რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზზე“. მას წელიწადში 13 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გადამუშავება შეუძლია.
ASTRA-ს თანახმად, დიდი ალბათობით, ქარხნის ტერიტორიაზე იწვის ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი.
პერმში „ლუკოილის" ქარხანაზე დარტყმის შესახებ წერს უკრაინული ტელეგრამ-არხიც Supernova+.
განახლება: 30 აპრილს დღისით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციების ცენტრ „ალფას“ დრონებით პერმში დაარტყეს „ლუკოილის" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და წინასწარი მონაცემებით, მწყობრიდან გამოიყვანეს ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა განმეორებითი დარტყმაც ნავთობის საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურზე, სადაც ხანძრის დამატებითი კერები გაჩნდა.
- უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
- რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.