„პოზიციაზე დრონი მოფრინდა“ - უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი

ნიკა მაჭარაშვილი 39 წლის იყო.

ხუთშაბათს, 2026 წლის 30 აპრილს უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ნიკა მაჭარაშვილი.

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ფეისბუკზე გაავრცელეს მეგობრებმა და რადიო თავისუფლებას დაუდასტურა უკრაინაში მყოფმა ერთ-ერთმა თანამებრძოლმა.

წარმოშობით გალელი ნიკა მაჭარაშვილი 39 წლის იყო. ის 2022 წლიდანვე იბრძოდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ.

„2022 წლის მარტიდან შევიკრიბეთ და მას შემდეგ ერთად ვიბრძვით“, - ამბობს მისი თანამებრძოლი.

ზაპოროჟიეს მიმართულებით, პოზიციაზე, სადაც ის იმყოფებოდა, დრონ(ებ)ით თავდასხმა განხორციელდა.

ჯერჯერობით მისი ცხედარი პოზიციიდან არ გადმოუსვენებიათ - მის გადმოსვენებას 30 აპრილს, გვიან ღამით ელიან; თანამებრძოლის ცნობითვე, ამის შემდეგ გაირკვევა თბილისში გადმოსვენების საკითხი.

ნიკა მაჭარაშვილს დარჩა ცოლ-შვილი. ისინი თბილისში ცხოვრობენ.

ასევე ნახეთ

როგორ ეძებენ და აბრუნებენ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრებს

რადიო თავისუფლების მიერ ოთხ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, იგი, სულ მცირე, 86-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში დაიღუპა.

რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის.

მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში 2022 წლის მარტის დასაწყისში წავიდა.

ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.

ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ცნობა 2022 წლის 18 მარტს გავრცელდა.

უკრაინაში დაღუპული 90-მდე ქართველიდან, 10-ზე მეტის ცხედარი კვლავ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება.