„ვეღარაფერს გეტყვით“ - რატომ დაიწყეს ბიზნესმენებმა სიტყვების მოზომვა

ფოტოილუსტრაცია

კანონი, რომელიც ბიზნესმენებს უზღუდავს „საჯარო პოლიტიკურ აქტივობას“ და რომელსაც უკვე დაარქვეს „ბიზნესის დუმილის კანონი“, რეალურ ცხოვრებაშიც ამუშავდა.

ბიზნესმენების ნაწილი, რომელიც აქამდე აზრის ღიად გამოხატვას არ უფრთხოდა, იძულებული გახდა ან სიტყვები მოეზომა, ან საერთოდ გაჩუმებულიყო.

პირველი, ვინც ეს ღიად დაწერა და სოციალური სივრციდან უეცრად გაქრობისა და სიჩუმის მიზეზი ამ კანონით ახსნა, ბიზნესმენი რესან ქიქავა იყო, „გამოფენების ცენტრის“ ("ექსპო ჯორჯია") დირექტორი.

„ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლებაც, უფლება საჯაროდ ისაუბროს ისეთ საკითხებზე, რაც მის ბიზნესს არ ეხება... ანტიკონსტიტუციურია? წარმოუდგენელია? როგორ ქვეყანაში შეიძლება ეს მოხდეს? ამასთან დაკავშირებით ჩემს აზრს სამწუხაროდ ვეღარ მოგახსენებთ“, - დაწერა მან 24 აპრილს და ეს ამ დრომდე მისი ბოლო საჯარო პოსტია ფეისბუკზე.

2026 წლის მარტში ძალაში შესული "გრანტების შესახებ კანონის" გამკაცრებული ცვლილებებით, ბიზნესმენებს, ფაქტობრივად, აეკრძალათ ნებისმიერი „საჯარო პოლიტიკური აქტივობა“, რომელიც მათ „ძირითად საქმიანობას არ უკავშირდება“ - წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ კანონი დასჯის.

ამ სტატიაში გიყვებით:

  • როგორ იმოქმედა ამ კანონმა ბიზნესმენებსა და კომპანიებზე;
  • სად გადის ზღვარი სამოქალაქო პოზიციასა და აკრძალულ, პოლიტიკურ აქტივობას შორის;
  • რატომ მიიჩნევენ იურისტები კანონს ანტიკონსტიტუციურად;
  • რა შეიძლება ჩაითვალოს „საჯარო პოლიტიკური აქტივობად“;
  • და რას ფიქრობენ თავად ბიზნესმენები.

ასევე ნახეთ

პოლიტიკური აქტივობის ფასი - "ოცნება" მეწარმეებისთვის საკანონმდებლო "ხვრელებს" ქოლავს

რესან ქიქავა 24 აპრილის პოსტში იმასაც წერს, რომ იძულებით გაჩუმებამდე, მისი სამოქალაქო აქტივობის ერთადერთი მიზანი სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდა და თავისუფალი ქვეყნის “იდეის” დაცვა იყო. განსაკუთრებით, ბიზნესსაზოგადოებაში.

ბიზნესმენი რესან ქიქავა, "გამოფენების ცენტრის“ ("ექსპო ჯორჯია") დირექტორი

ამ პროცესში მას მხარდამჭერებიც ჰყავდა და ისინიც, ვინც პოლიტიკური ცხოვრებისგან შორს ყოფნას და მხოლოდ ბიზნესის კეთებას ურჩევდა, მაგრამ რესან ქიქავას პასუხი ასეთია:

„როცა გადასახადებს იხდი, პოლიტიკური გადაწყვეტილებების უმრავლესობა შენს ბიზნესზე პირდაპირ, თუ ირიბად აისახება, ქალაქის ჰაერს სუნთქავ, აქვე საკვებს მიირთმევ, სახელმწიფო სერვისებით და ინფრასტრუქტურით სარგებლობ… შენი თანამშრომლები, მომხმარებლები, პარტნიორები, შენი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, ამ სივრცეში არიან, ამ განათლებით, ჯანდაცვით სარგებლობენ, ეს არაფერი არ გეხება?“

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებებით, მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას − 20 000 ლარის ოდენობით. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას − 40 000 ლარის ოდენობით.

ამ მუხლის მიზნებისათვის პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ.

რა შეცვალა ამ კანონმა ბიზნესმენებისთვის?

ათამდე ბიზნესმენიდან, რომლებსაც დავურეკეთ, ნაწილმა, იმ მიზეზით, რომ საქართველოში არ იყო, კომენტარზე უარი გვითხრა. ზოგმა გვიპასუხა, რომ კანონი ჯერ ყურადღებით არ წაუკითხავს, თუმცა საკუთარი პოზიცია მაინც გაგვიზიარა.

მაგალითად, Freebusiness.ge-ს თანადამფუძნებელმა, გიორგი ჩუგოშვილმა, გვითხრა, რომ ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა „ან აქტივიზმში უნდა გადახვიდე, ან უნდა გაჩერდე და მე ეს მეორე ჩავთვალე საჭიროდო“.

- ეს თვითცენზურა ხომ არ არის? - ვკითხეთ მას.

- არა, მე მგონი, ეს ადამიანის გადაწყვეტილებაა თავის მომავალთან დაკავშირებით. აქტივიზმში ყოფნა არ მინდოდა, არ არის ეგ ჩემი მიმართულება... სიმართლე გითხრათ, ეგ კანონი ჯერ ყურადღებით არ წამიკითხავს, თუმცა პირადად ჩემზე გავლენა არ მოუხდენია. შესაძლოა, რადგან ბიზნესში ვარ, უნდა ჩავიხედო და კარგად ვნახო, რადგან შესაძლოა რაღაც პრობლემები გამოიწვიოს.

კანონს ჯერ დეტალურად არ გასცნობია არც კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი, რომელიც ხშირად გამოხატავს ხოლმე პოზიციას სოციალურ ქსელებში, თუმცა, მისი აღქმით, რაც ამ კანონზე სმენია, ფიქრობს, რომ იზღუდება არა „ზოგადად სიტყვის თავისუფლება, არამედ კონკრეტული აქტივობის დაფინანსება“.

„ამ კანონის გამო ჯერჯერობით არ შემიკავებია თავი და არ გავჩუმებულვარ. რაც არ მომწონს, აზრს გამოვთქვამ... თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ, მაგალითად, რომელიმე აქტივისტს რომ თუნდაც ჰუმანიტარული მიზნით თანხა ჩავურიცხო, ამას მიზღუდავს კანონი.

არ წარმომიდგენია, რომ ჩემნაირ ადამიანს, რომელსაც არასოდეს ჰქონია პოლიტიკასთან შეხება და ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში არც ერთი პარტია არ დამიფინანსებია, მომაყენოს ზიანი კანონმა უბრალოდ იმიტომ, რომ ჩემს აზრს ვაფიქსირებ. თუ რამეს გამოვხატავ საჯაროდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა მიყვარს“, - გვითხრა თამაზ დაუშვილმა და დაამატა, რომ ძალიან არასასიამოვნო იქნება, თუ ეს კანონი (რომლის წაკითხვასაც გეგმავს იურისტებთან ერთად) ბიზნესმენებს გამოხატვის თავისუფლებას შეუზღუდავს.

- რომელიმე კანონსა თუ გადაწყვეტილებაზე რომ გამოხატოთ უკმაყოფილება საჯაროდ, გაქვთ შიში, რომ თქვენს თუნდაც ნეიტრალურ განცხადებას პოლიტიკურ აქტივობად ჩაგითვლიან?

- არ მგონია, ეს კანონი მსგავს განცხადებებს შეეხოს. თუ არ ვცდები, იქ არ აწერია, რომ საერთოდ ხმის ამოღების უფლება არ გვაქვს. მე, როგორც აქამდე ვსაქმიანობდი და ვაქტიურობდი საჯაროდ, ისევ ისე ვარ.

მე ასე მჯერა, რომ ბიზნესმენობას და პოლიტიკოსობას შორის ზღვარი უნდა არსებობდეს. ბიზნესმენს, როგორც მოქალაქეს, მაგრამ არა როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, უნდა შეეძლოს გამოხატოს თავისი, თუნდაც კრიტიკული აზრი. მაგრამ თუ ის ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაემსგავსება, მაშინ, ჯობს, უარი თქვას ბიზნესზე და წავიდეს პოლიტიკაში.

ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი, კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი

ასევე ნახეთ

გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს, აიკრძალა „ხელისუფლების სისტემურად არაღიარება“

ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსშიც და დაემატა მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობის მუხლი და მასში წერია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153/13 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სახდელდადებული იურიდიული პირის მიერ ან/და ამ იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირის მიერ, ამავე იურიდიული პირის სახელით ან ამ სახელის მეშვეობით (გამოყენებით) საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც აღნიშნული იურიდიული პირის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, −ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან სამას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

„საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა, გვითხრა, რომ მას შემდეგ, რაც ცვლილებები ძალაში შევიდა, ბიზნესმენებს შორის უკვე იგრძნობა ერთგვარი „მოზომილობა“.

ვიცი, რომ ეს კანონი ზოგადი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ის ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის გაფრთხილებადაც შეიძლება აღვიქვათ - იქნება თქვენი მხრიდან ზედმეტი პოლიტიკური აქტივობა, შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. ეს ხომ თავისუფლების შეზღუდვაა? მე ნამდვილად მიჩენს განცდას, რომ ეს კანონი ადამიანებზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზეწოლის საშუალებად გადაიქცევა“.

- თქვენ გარშემო ასე ბევრი ფიქრობს?

- საკმაოდ.

- თქვენი აზრით, ბევრს მოუწევს ამ კანონს დაემორჩილოს?

- მე ისედაც არ მახსენდება ამ კანონამდეც ბიზნესმენების მხრიდან რაიმე ძალიან მკვეთრი განცხადებები. ვფიქრობ, რომ მაინც პრაგმატულობას აირჩევენ და მოზომილები იქნებიან.

ლევან ყარალაშვილი, „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი

გვაინტერესებდა რა პოზიცია აქვს ამ კანონზე საქართველოს ბიზნესასოციაციას, რომელიც 150-მდე ბიზნეს ჯგუფს და საერთო ჯამში, 1400-ზე მეტ სხვადასხვა ზომის კომპანიას აერთიანებს, თუმცა იქ გვიპასუხეს, რომ ამ საკითხზე ასოციაცია კომენტარისგან თავს შეიკავებს.


სამართლებრივი მახე?

„რომელ ბიზნესმენსაც ჰგონია, რომ ეს კანონი მას არ შეეხება, მოვუწოდებდი, კარგად ჩაიხედოს, იქ რა წერია. რეჟიმს არ სურს, რომ ადამიანები განსხვავებულად ფიქრობდნენ. უნდათ, რომ ეს იყოს დახურული ქვეყანა, სადაც მხოლოდ თავად იქნებიან“, - გვითხრა იურისტმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა, სანდრო ბარამიძემ, როცა მას კანონის სამართლებრივი შეფასება ვთხოვეთ და ისიც ვკითხეთ, რა შეიძლება ჩაითვალოს იურიდიული მეწარმეებისთვის “საჯარო პოლიტიკურ აქტივობად”.

მან გვითხრა, რომ კანონში ეს ზოგადი ჩანაწერი იმდენად ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ თუ ეს ხელისუფლებას მოუნდება, ყველაფერი საჯარო პოლიტიკურ აქტივობად ჩაითვლება.

„მაგალითად, თუ საჯაროდ იტყვი, რომ ვიღაც კორუმპირებულია. ან კანონი დაარღვია ხელისუფლებაში მყოფმა პირმა. ან კანონი გააკრიტიკო სოციალურ ქსელში, ესეც კი შეიძლება იყოს მიჩნეული იმად, რომ შენ გსურს „გავლენა მოახდინო საზოგადოებაზე“ და შესაბამისად, ეს ქცევა კვალიფიცირებული იყოს, როგორც პოლიტიკური საქმიანობა. ანუ მხოლოდ გარკვეული ჯგუფების დაფინანსება კი არ აკრძალეს, ან სცენის მოწყობა, ან მეგაფონის ყიდვა ვინმესთვის, აზრი რომ გამოხატო რამეზე, ესეც შეზღუდეს. ამიტომ, „ბიზნესმენთა დუმილი“ ძალიან ადეკვატურად ასახავს რეალურ შინაარსს და მიზნებსაც ამ აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური ნორმისა“, - უთხრა სანდრო ბარამიძემ რადიო თავისუფლებას.

ასევე ნახეთ

„ბიზნესს 4 ოქტომბრის არ ეშინია“ - კობახიძე კიდევ ერთხელ შეხვდა ბიზნესმენებს

„ბიზნესს აქვს უფლება ჰქონდეს პოზიცია საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე“, - წერს ადვოკატი მაია მწარიაშვილი, იურიდიული ფირმა BLB-ის უფროსი პარტნიორი, რომელმაც მოამზადა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ახალი 355³-ე მუხლის (მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა) სამართლებრივი ანალიზი და სხვა კითხვებთან ერთად, უპასუხა კითხვას, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ უფლების დაცვა:

„საჯარო პოლიტიკური აქტივობა არის არა სამეწარმეო საქმიანობის სფერო, არამედ ფიზიკური და იურიდიული პირების პოლიტიკური უფლებების, საზოგადოებრივი პოზიციონირების სფერო, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში აღიარებული და დაცული სამართლებრივი სიკეთეა“, - წერს მაია მწარიაშვილი.

შეიძლება თუ არა ბიზნესის ლიკვიდაციაც კი მოჰყვეს იმას, რომ რომელიმე კომპანიის დირექტორი თუ მფლობელი თავის პოზიციას საჯაროდ გამოხატავს?

დიახ, - პასუხობს ადვოკატი.

მისი შეფასებით, სისხლის სამართლის კოდექსის ახალი ცვლილებები პირდაპირი საფრთხეა ბიზნესის სტაბილურობისა და პროგნოზირებისათვის. ხოლო პოლიტიკური განცხადების გამო, კომპანიას სასჯელად შესაძლოა განესაზღვროს გაუქმება და ქონების ჩამორთმევა, ხოლო კომპანიის პასუხისმგებელ პირს - პატიმრობა.

მისივე სიტყვებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას და თუ რატომ, ამას თავის კვლევაშიც ასაბუთებს.

"საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს მეწარმეობის თავისუფლებას“.

ხოლო “მეწარმეთა შესახებ” კანონი, როგორც მაია მწარიაშვილი განმარტავს, საერთოდ არ იცნობს მეწარმე სუბიექტის “ძირითად” და “არაძირითად” საქმიანობას.

მისი შეფასებითვე, დაუშვებელია, გამომძიებელმა/პროკურორმა განუსაზღვროს ბიზნესს, რა არის მისი “ძირითადი სამეწარმეო საქმიანობა” და რა საქმიანობის უფლება აქვს ან არა აქვს მას.

„მაგალითად: ბანკი საუბრობს არჩევნებზე. კავშირშია ეს მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან? IT კომპანია აკრიტიკებს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკას ქვეყანაში – კავშირშია ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან? რესტორანი აკეთებს განცხადებას მედიის თავისუფლებაზე ან გარემოს დაცვაზე – კავშირშია ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან?“

ადვოკატი მაია მწარიაშვილი

იურისტის დასკვნით, იურიდიული პირის ლიკვიდაცია და მისი “პასუხისმგებელი პირის” სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა “საჯარო პოლიტიკური აქტივობისათვის” უკიდურესად რეპრესიული და არაპროპორციული ზომაა, რომლის ანალოგი საერთოდ არ იძებნება ევროპული სახელმწიფოების კანონმდებლობაში.

"ცივილიზებულ მსოფლიოში არ არსებობს აკრძალვა იურიდიული პირებისა და მისი წარმომადგენლებისათვის პოლიტიკური პოზიციის საჯარო გამოხატვისა და მხარდაჭერისთვის, არამედ არსებობს რეგულაციები პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისათვის“, - აცხადებს მაია მწარიაშვილი.

ასევე ნახეთ

„ოცნება“ უცხოური დაფინანსების შემზღუდავი კანონების გამკაცრებას აანონსებს - ყველა დეტალი ერთად

ეს საკანონმდებლო ინიციატივა “ქართულმა ოცნებამ” პირველად 2026 წლის 28 იანვარს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაასაჯაროვა.

საჯარო პოლიტიკურ აქტივობად კი წარმოადგინა „საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ“.

ასევე ნახეთ

„სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროინტეგრაციასთან“ - ბრიუსელი „გრანტების კანონში“ ცვლილებებზე

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ეწერა, რომ მეწარმე იურიდიული პირები, როგორც ეკონომიკური ძალაუფლების მქონე პირები: „ფლობენ მნიშვნელოვან ფინანსურ, ორგანიზაციულ და საკომუნიკაციო რესურსებს, რომელთა პოლიტიკური მიზნებით გამოყენება ქმნის რისკს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირება, განხორციელდება არა საზოგადოებრივი ინტერესების, არამედ კერძო ეკონომიკური ინტერესების გავლენით“.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე მაშინ აცხადებდა, რომ ბიზნესმენებს “შესაბამისი ფუნქციები უნდა ჰქონდეთ”, ხოლო პოლიტიკა უნდა აკეთოს პარტიამ, „როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასევე აცხადებდა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები მათ ქვეყნის „რევოლუციისგან დასაცავად“ მიიღეს - აქამდე მიღებული კანონების „გვერდის ავლის გზების” ამოქოლვის მიზნით.

ასევე ნახეთ

რომელ ბიზნესმენებს შეხვდა ირაკლი კობახიძე - სია

ასევე ნახეთ

"გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები იგეგმება - მმართველი გუნდი "დაზუსტებას" უწოდებს