მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ტელეგრამ-არხზე 4 მაისს, ღამის ორი საათისთვის გამოქვეყნებული ცნობით, მოსფილმის ქუჩაზე დრონი შენობას მოხვდა, დაშავებულები არ არიან. რა შენობაა ეს, სობიანინს არ დაუკონკრეტებია.
რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, დაზიანებული შენობა მრავალსართულიანი სახლია. ASTRA წერს, რომ კრემლიდან ამ სახლამდე მანძილი დაახლოებით 6 კილომეტრია.
4 მაისს გამთენიისას მოსკოვის მერის, სობიანინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა კიდევ ერთი ცნობა, რომლის თანახმად, საჰაერო თავდაცვამ მოიგერია დედაქალაქისკენ მიმართული კიდევ ორი დრონი.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დახურეს მოსკოვის დომოდედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტები.
ასევე ნახეთ
კრემლმა „ტერორისტული საფრთხით“ ახსნა სამხედრო ტექნიკის გარეშე 9 მაისის აღლუმის ჩატარებამოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ადრეც არაერთხელ ყოფილა. ამჯერად, ის წინ უძღვის „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს, რომელიც წითელ მოედანზე 9 მაისს უნდა ჩატარდეს.
წლების განმავლობაში პირველად აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებს სამხედრო ტექნიკა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიზეზად დაასახელა „მიმდინარე ოპერატიული ვითარება“, კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა კი განაცხადა, რომ კიევისგან მომდინარე „ტერორისტული საფრთხის ფონზე“ იღებენ ყველა ზომას „საფრთხის მინიმიზაციისთვის“.