Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი 9 მაისის აღლუმს სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩაატარებს

წინა, 2025 წლის 9 მაისის სამხედრო აღლუმი მოსკოვში
წინა, 2025 წლის 9 მაისის სამხედრო აღლუმი მოსკოვში

მრავალი წლის განმავლობაში პირველად, მოსკოვში სახმელეთო სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვებისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი.

ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების 81-ე წლისთავის აღსანიშნავად, 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა გამოვა.

ეს ცნობილი გახდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 28 აპრილს, გვიან ღამით გამოქვეყნებული ინფორმაციიდან, რომლის თანახმად, აღლუმის ქვეითი კოლონების შემადგენლობაში იქნებიან მხოლოდ უმაღლესი სამხედრო სასწავლო დაწესებულებების და შეიარაღებული ძალების ცალკეული სახეობების ჯარების სამხედრო მოსამსახურეები.

ის ფაქტი, რომ აღლუმი სამხედრო ტექნიკის კოლონის და სუვოროვის და ნახიმოვის სახელობის სამხედრო სასწავლებლებისა და კადეტთა კორპუსის კურსანტების მონაწილეობის გარეშე ჩატარდება, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „მიმდინარე ოპერატიული ვითარებით“ ახსნა დამატებითი განმარტების გარეშე.

9 მაისის სამხედრო აღლუმში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ავიაცია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მოსკოვის წითელ მოედანს გადაუფრენენ „პილოტაჟური ავიაჯგუფების“ თვითმფრინავები, აღლუმის ბოლოს კი მოიერიშე სუ-25-ების პილოტები მოსკოვის ცაზე გამოსახავენ რუსეთის დროშის ფერებს.

წლევანდელი აღლუმი რომ სამხედრო ტექნიკის დემონსტრირების გარეშე ჩატარდება, ამას თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით 27 აპრილს სოციალურ ქსელებში წერდნენ რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებული პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი და პუბლიცისტი ალექსანდრ პროკოპენკო.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდამჭერი ბლოგერებიც არ გამორიცხავდნენ, რომ აღლუმში სამხედრო ტექნიკა მონაწილეობას არ მიიღებს და ამის ნიშნად მიიჩნევდნენ იმ ფაქტს, რომ მოსკოვში არ იყო დაწყებული აპრილის ბოლოსთვის ჩვეული რეპეტიციები სამხედრო ტექნიკის დემონსტრირების მოსამზადებლად.

სოციალურ ქსელებში კომენტატორები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ 9 მაისის სამხედრო აღლუმი შესაძლოა, საერთოდ არ ჩატარებულიყო ან მნიშვნელოვნად შემცირებულიყო უკრაინის მხრიდან შეტევის საფრთხის გამო.

რუსეთის არმიის სამხედრო ტექნიკა მოსკოვის წითელ მოედანზე აღლუმის დროს. 2025 წლის 9 მაისი
რუსეთის არმიის სამხედრო ტექნიკა მოსკოვის წითელ მოედანზე აღლუმის დროს. 2025 წლის 9 მაისი
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 9 მაისის სამხედრო აღლუმებს სახმელეთო საბრძოლო ტექნიკის მონაწილეობით ატარებდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც.
  • წინა, 2025 წლის სამხედრო აღლუმში, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის არმიის პირად შემადგენლობასთან ერთად მონაწილეობდა 183 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ტანკები, ჯავშანმანქანები, საარტილერიო დანადგარები, სადესანტო საბრძოლო მანქანები და სარაკეტო სისტემები „ისკანდერ-მ“ და „ტრიუმფი“.
  • წითელ მოედანზე საჯაროდ პირველად აჩვენეს უპილოტო საფრენი აპარატები „გერანი“, „ორლანი“ და „ლანცეტი“.





ფორუმი

XS
SM
MD
LG