უკრაინაზე რუსული რაკეტებით და დრონებით მორიგი შეტევა იყო, დაღუპულთა შორის მაშველები არიან

უკრაინელი მაშველები აქრობენ რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევის შედეგად პოლტავაში გაჩენილ ხანძარს(საარქივო ფოტო)

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. არის მსხვერპლი. დაზიანებული და დამწვარია სახლები და სხვა ობიექტები.

რაკეტებით და დრონებით დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე პოლტავის ოლქი იყო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 5 მაისის დილისთვის ცნობილია, რომ ქალაქ პოლტავის რაიონში დაიღუპა 4 და დაშავდა 31 ადამიანი. დაზიანდა გაზის მიმწოდებელი საწარმო და რკინიგზის ინფრასტრუქტურა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იჰორ კლიმენკოს ცნობით, პოლტავაში დაღუპულებს შორის ორი მაშველია. ისინი გაზის ობიექტზე რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს აქრობდნენ, როცა განმეორებითი, სარაკეტო დარტყმა იყო და მას ემსხვერპლნენ.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა კიევის ოლქის ბროვარის და ვიშგოროდის რაიონებში, სადაც დაზიანებულია სახლები, ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე. რუსეთის ჯარების დარტყმის შედეგად სახლი დაიწვა ჩერნიგოვის ოლქში. ჰოსპიტალიზებულია ორი დაშავებული. სახლები და საწარმოებია დაზიანებული დნეპროპეტროვსკის ოლქში, სადაც სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა რკინიგზის ინფრასტრუქტურას დაარტყეს სამ რეგიონში - ხარკოვის, პოლტავის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.

განახლება: პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ დღის 12 საათისთვის განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. ორ მაშველთან ერთად კიდევ ორი დაღუპული უკრაინის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიის თანამშრომლები იყვნენ. პოლტავის ოლქში 5 და 6 მაისი გლოვის დღეებად გამოცხადდა.

ნავთობის და გაზის კომპანიის ინფორმაციით, მის ობიექტებს რუსეთის ჯარებმა რაკეტით დაარტყეს ხარკოვის ოლქშიც, სადაც კომპანიის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.

უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ცნობით, 5 მაისს დილით რუსეთის ჯარებმა იერიში მიიტანეს ოდესის პორტზე, სადაც კუკის კუნძულების დროშით მცურავი სატვირთო გემი დაზიანდა, ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „უკრენერგოს" ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე რუსული დრონებით მორიგი დარტყმის შედეგად ენერგომომარაგება შეუწყდა დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, სუმის და ხარკოვის ოლქების ნაწილს.

ასევე ნახეთ

რუსეთში შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებზე

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, გასული ღამიდან განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 11 ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერ-მ” და 164 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით 5 მაისის დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო 149 დრონის და ერთი რაკეტის ჩამოგდება და 14 დრონით და 8 რაკეტით პირდაპირი დარტყმა 14 ადგილზე. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობითვე, კიდევ ორმა რუსულმა რაკეტამ სამიზნემდე ვერ მიაღწია.

გასული ღამის განმავლობაში შეტევა იყო რუსეთის რეგიონებზეც. 5 მაისს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს" 289 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსეთის ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ შეტევის ერთ-ერთი სამიზნე იყო კირიშის რაიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სადაც ხანძარი გაჩნდა.

ასევე ნახეთ

უკრაინა ფრონტზე „სიჩუმის რეჟიმს“ აცხადებს, რუსეთის „დროებით ზავამდე" ორი დღით ადრე