ფართოდ გავრცელებული დაუსჯელობის ფონზე, თითქმის არაფერს ცვლის - Amnesty 5 სპეცრაზმელის დაკავებაზე

„მხოლოდ ამ ხუთი ადამიანის დაკავება თითქმის არაფერს ცვლის საქართველოში არსებული დაუსჯელობის უფრო ფართო სურათის ფონზე“, - აცხადებს Amnesty-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი ეხმაურება საქართველოში 2024 წლის აქციების მიმდინარეობას ჟურნალისტზე, პოლიტიკოსსა და დემონსტრანტზე ძალადობის ბრალდებით ხუთი სპეცრაზმელის დაკავებას და ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის.

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევმა 8 მაისს განაცხადა:

  • ... „საპროტესტო აქციების დარბევისას ძალის ფართომასშტაბიანი გადამეტების გამო პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების ხუთი თანამშრომლის დაკავებით არ უნდა დასრულდეს“;
  • „მით უფრო, როდესაც ეს ნაბიჯი უკვე 17 თვით დაგვიანებულია“.

ორგანიზაციის თანახმად, Amnesty-მ დააფიქსირა ძალის უკანონო გამოყენებისა და სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის „ათეულობით შემთხვევა“, ასევე მძიმე დაზიანებები, მათ შორის ძვლების მოტეხილობები.

„ეს დაზიანებები დემონსტრანტებს მიაყენეს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას იყენებდნენ. მსგავსი მოპყრობის შესახებ ასობით დემონსტრანტმა განაცხადა. სამართლიანობა ნიშნავს პასუხისმგებლობას ყველა ამ საქმეზე“, - თქვა დენის კრივოშეევმა.

ასევე ნახეთ

ხაბეიშვილზე, როგავასა და მაისაშვილზე თავდამსხმელები დავაკავეთ - გენერალური პროკურორი

„ბრძანებების გამცემები“

„მხოლოდ ამ ხუთი ადამიანის დაკავება თითქმის არაფერს ცვლის საქართველოში არსებული დაუსჯელობის უფრო ფართო სურათის ფონზე, - ისევე, როგორც იმ ფაქტს, რომ წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ათობით საქმე კვლავ ეფექტიანი გამოძიების გარეშე რჩება“, - განაცხადა მან.

Amnesty-ს რეკომენდაციით, გამოძიება უნდა გავრცელდეს „ყველა იმ პირზე, ვისაც შესაძლოა პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს“, მათ შორის:

  • „მათზე, ვინც ბრძანებებს გასცემდა;
  • მათზეც, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილების ვალდებულება ვერ შეასრულა“.

„აუცილებელია, პასუხისმგებლობა დაეკისროს მთელ სამეთაურო ჯაჭვს და დადგეს პასუხისმგებლობა ყველა იმ ეპიზოდზე, სადაც პოლიციის მხრიდან უკანონო ქმედებების შესახებ ინფორმაცია არსებობს“, - ასეთია Amnesty International-ის პოზიცია.

ასევე ნახეთ

ჩემზე ათეულობით სპეცრაზმელი ძალადობდა, ბრძანებას „ხარება“ გასცემდა - ხაბეიშვილი

ხუთი სპეცრაზმელი პასუხისგებაში მისცეს

2026 წლის 7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წლის პროდასავლური აქციების დროს სამ ადამიანზე ძალადობის ბრალდებით ხუთ ადამიანს წაუყენებენ ბრალს. ბრალი მათ 8 მაისს წაუყენეს.

საუბარია ხუთ კაცზე, რომელთა იძალადეს:

  • დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე;
  • პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და
  • ჟურნალისტ გურამ როგავაზე.

ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაშია - ის 2025 წლის 13 სექტემბერს დააპატიმრეს და მალევე აუკრძალეს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, მათ შორის პაემნისა და სატელეფონო საუბრის შეზღუდვა, ოჯახის წევრებთანაც კი.

ხაბეიშვილმა 8 მაისს სასამართლო დარბაზში უსაუბრა „ხარებაზე“ - შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსზე:

„[ის] არათუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, [არამედ] ჩემზე ვიდეოგადაღებას აწარმოებდა“, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა და დასძინა, რომ ხარებას სურდა, საკუთარ თავზე დამამცირებელი სიტყვა ეთქვა:

„უნდა მეთქვა ჩემს თავზე დამამცირებელი სიტყვა, რომ ვარ ჩმორი და მაშინ თურმე აღარ დამარტყამდნენ. ამ ვიდეოს მერე, ალბათ, ატვირთავდნენ და იტყოდნენ, აგერ, თქვენი ჩმორი ხაბეიშვილი ნახეთ, როგორ ტირის, როგორ წუწუნებსო... ბოდიში, ვერ მოგართვით!“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) არის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, რომელსაც აშშ-მა და ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს აქციებისას დემონსტრანტებზე ძალადობაზე მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ აქციებისას პოლიციელთა ძალადობა „სისტემური არ ყოფილა“.

  • 7 მაისს დაკავებულ ხუთ ადამიანს შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელია, ერთიც - შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.
  • მათგან ორი უკვე პატიმრობაში იყო სხვა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული დღეს, 7 მაისს დააკავეს.

2024 წლის პროდასავლური აქციების დროს სპეცრაზმელთა მიერ ნაცემი ჟურნალისტი და დემონსტრანტი ამბობენ, რომ მომხდარიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ხუთი ადამიანის პასუხისგებაში მიცემა საკმარისი არ არის სამართლიანი შედეგის დადგომისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ სპეცრაზმელებმა ათობით დემონსტრანტზე იძალადეს.

ასევე ნახეთ

„ზღვაში წვეთია“, „დამკვეთებზე უნდა გავიდნენ“ - ნაცემი დემონსტრანტი და ჟურნალისტი 5 სპეცრაზმელის დაკავებაზე