„სულელები არავინ ვართ, იქ მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი არ უწამებიათ და უცემიათ, ასობით ახალგაზრდა სცემეს იქ“, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა, IPN-ის თანახმად, და მიუთითა, რომ აუცილებელია სხვა თავდამსხმელების იდენტიფიცირება.
„კადრში ჩანს ათეულობით ადამიანი და 2 პირის იდენტიფიცირება მოვახდინეთო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იქ რომ შემითრიეს და წიხლებს მირტყამენ, ეგ არის 20 წამი, მე მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში ვიყავი მათი თავდასხმის ობიექტი“, - თქვა ხაბეიშვილმა.
2024 წლის 1 მაისს, როცა პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს სასტიკად სცემეს. პოლიტიკოსი ამბობდა, რომ მასზე სამართალდამცავებმა იძალადეს.
ხაბეიშვილი „ხარებაზე“ საუბრობს
„ჩემზე ფიზიკური ძალადობა მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა“, - გაიხსენა პოლიტიკოსმა დღეს, 2026 წლის 8 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თავდასხმისას ის პარლამენტის წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო.
„მეორე დღეს პარლამენტში გავაკეთე განცხადება და დავასახელე კონკრეტული ადამიანი, რომელიც არათუ მონაწილეობდა ჩემს თავდასხმაში, ვგულისხმობ ე.წ. ხარებას, [ზვიად] ხარაზიშვილს, რომელიც ჩემზე ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოვყევი, ეს კაცი რას მთხოვდა და რის სანაცვლოდ შეწყვეტდა ჩემს წამებას“, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) არის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, რომელსაც აშშ-მა და ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს აქციებისას დემონსტრანტებზე ძალადობაზე მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემდე.
ამჟამად ზვიად ხარაზიშვილი დაკავებულთა შესახებ ამბობს: „ჩამშვებებს და მაგნაირ ხალხს რა გამოლევს.... ალბათ ახლა თვითონ თბილად იყოს ვინმე და სხვა გაიწიროს, ალბათ ეგეთი რამე გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორე ეგ ბიჭები რა შუაში იყვნენ?“
„რას იღებდა, გეტყვით - უნდა მეთქვა ჩემს თავზე დამამცირებელი სიტყვა, რომ ვარ ჩმორი და მაშინ თურმე აღარ დამარტყამდნენ. ამ ვიდეოს მერე, ალბათ, ატვირთავდნენ და იტყოდნენ, აგერ, თქვენი ჩმორი ხაბეიშვილი ნახეთ, როგორ ტირის, როგორ წუწუნებსო... ბოდიში, ვერ მოგართვით!“ - თქვა ხაბეიშვილმა.
2026 წლის 7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წლის პროდასავლური აქციების დროს სამ ადამიანზე ძალადობის ბრალდებით ხუთ ადამიანს წაუყენებენ ბრალს.
საუბარია ხუთ კაცზე, რომელთა იძალადეს:
- დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე;
- პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და
- ჟურნალისტ გურამ როგავაზე.
ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაშია - ის 2025 წლის 13 სექტემბერს დააპატიმრეს და მალევე აუკრძალეს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, მათ შორის პაემნისა და სატელეფონო საუბრის შეზღუდვა, ოჯახის წევრებთანაც კი.
2024 წლის პროდასავლური აქციების დროს სპეცრაზმელთა მიერ ნაცემი ჟურნალისტი და დემონსტრანტი ამბობენ, რომ მომხდარიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ხუთი ადამიანის პასუხისგებაში მიცემა საკმარისი არ არის სამართლიანი შედეგის დადგომისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ სპეცრაზმელებმა ათობით დემონსტრანტზე იძალადეს.
- ხუთ დაკავებულს შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელია, ერთიც - შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.
- მათგან ორი უკვე პატიმრობაში იყო სხვა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული დღეს, 7 მაისს დააკავეს.
ფორუმი