ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი

სულ მცირე, ერთ-ერთი დაკავებული ბრალს აღიარებს

ადვოკატს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი იმ ხუთი სპეცრაზმელის საქმეზე, რომელთაც 2024 წლის აქციებისას დემონსტრანტზე, ჟურნალისტს და პოლიტიკოსზე ძალადობაში ედებათ ბრალი.

ეს 8 მაისს, ერთ-ერთი მათგანის ადვოკატის, დიმიტრი მჭედლიშვილის მიერ ჟურნალისტებისთვის ნათქვამი ინფორმაციიდან გაირკვა.

მჭედლიშვილი 7 მაისს დაკავებული ერთ-ერთი სპეცრაზმელის ინტერესებს იცავს - მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით - სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილს.

„დანარჩენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იმის გათვალისწინებით, რომ გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი და რაიმე ინფორმაციის გამჟღავნებაში შეზღუდული ვარ“, - განუცხადა მან „ინტერპრესნიუსს“ 8 მაისს.

ზოგადად, პროკურატურა ერთნაირი სტანდარტით უდგება ერთსა და იმავე საქმეზე ბრალდებულებს, - შესაბამისად, დეტალებს, სავარაუდოდ, საჯაროდ ვერ გათქვამენ ვერც სხვათა ადვოკატები.

ასევე ნახეთ

ხაბეიშვილზე, როგავასა და მაისაშვილზე თავდამსხმელები დავაკავეთ - გენერალური პროკურორი

სასამართლოს მოლოდინში

ჯერ არ გამართულა სასამართლო სხდომა, სადაც ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ - სადაც უნდა გადაწყდეს, პატიმრობას გამოიყენებენ თუ გირაოს.

მათ ბრალი დღეს, 8 მაისს წარუდგინეს. თუმცა ცნობილია, რომ ხუთი ბრალდებულიდან ორი უკვე იყო პატიმრობაში - სხვა საქმეებთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი ბრალდებული - ის, ვისაც ადვოკატი მჭედლიშვილი იცავს, - ბრალს აღიარებს. თუმცა უცნობია, ვისზე ძალადობაშია ის ბრალდებული - ჟურნალისტ გურამ როგავაზე, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილზე თუ დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე.

„დიდი ინტერესის მიუხედავად, სამწუხაროდ, დეტალებზე, თუ რა ჩვენება მისცა, რა თქვა და ა.შ., ვერ ვისაუბრებ“ - განაცხადა ადვოკატმა.

ასევე ნახეთ

ჩემზე ათეულობით სპეცრაზმელი ძალადობდა, ბრძანებას „ხარება“ გასცემდა - ხაბეიშვილი

ასევე თქვა, რომ:

  • ბრალდებული პირველად 7 მაისს გამოჰკითხეს, რის შემდეგაც დააკავეს კიდეც;
  • „ვინმე სხვა პირი, ვინც რაიმე ბრძანება გასცა ან დაავალა, არ უხსენებია“
  • საქმის მასალები მისთვის ჯერ არ გადაუციათ.

5 პირის დაკავება „თითქმის არაფერს ცვლის“

დაზარალებულები, - უფლებადამცველების მსგავსად, - ამბობენ, რომ ხუთი სპეცრაზმელის პასუხისგებაში მიცემა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სამართლიანობა დადგეს.

ასევე ნახეთ

„ზღვაში წვეთია“, „დამკვეთებზე უნდა გავიდნენ“ - ნაცემი დემონსტრანტი და ჟურნალისტი 5 სპეცრაზმელის დაკავებაზე

„საპროტესტო აქციების დარბევისას ძალის ფართომასშტაბიანი გადამეტების გამო პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების ხუთი თანამშრომლის დაკავებით არ უნდა დასრულდეს, მით უფრო, როდესაც ეს ნაბიჯი უკვე 17 თვით დაგვიანებულია“, - განაცხადა Amnesty International-მა 8 მაისს.

Amnesty-ს განცხადებითვე, გამოძიება უნდა გავრცელდეს „ყველა იმ პირზე, ვისაც შესაძლოა პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს“, მათ შორის:

  • „მათზე, ვინც ბრძანებებს გასცემდა;
  • მათზეც, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილების ვალდებულება ვერ შეასრულა“.

ასევე ნახეთ

ფართოდ გავრცელებული დაუსჯელობის ფონზე, თითქმის არაფერს ცვლის - Amnesty 5 სპეცრაზმელის დაკავებაზე