პალესტინელთა ტერიტორიაზე, ისრაელის მიერ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელელმა მოსახლეებმა პალესტინელები აიძულეს, მამის ცხედარი სოფელში ახლად გათხრილი საფლავიდან ამოეღოთ, განაცხადა გარდაცვლილის ვაჟმა, მოჰამედ ასასამ. ინციდენტი მოხდა ისრაელის მთავრობის მიერ ახლად დაარსებული დასახლების მახლობლად.
Reuters-ის ცნობით, 80 წლის ჰუსეინ ასასა 8 მაისს ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და იმავე საღამოს დაკრძალეს ჯენინის მახლობლად მდებარე სოფელ ასასაში, ადგილზე მყოფი ისრაელის სამხედროების მიერ გაცემული ყველა საჭირო ნებართვით.
თუმცა, დაკრძალვიდან მალევე, ოჯახს აცნობეს, რომ საფლავთან იმყოფებოდნენ ებრაელი ახალმოსახლეები, რომლებმაც საფლავის ამოთხრა მოითხოვეს.
„მათ თქვეს, რომ მიწა დასახლებისთვის იყო განკუთვნილი და რომ დაკრძალვა არ იყო ნებადართული. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს სოფლის სასაფლაოა და არა დასახლების ნაწილი“, -თქვა მოჰამად ასასამ.
შემდეგ მოსულები მათ საფლავის ბულდოზერით ამოთხრით დაემუქრნენ, თქვა ასასამ, ამიტომ ოჯახმა გადაწყვიტა, ამოეღოთ მამის ცხედარი.
„დავინახეთ, რომ მათ უკვე ამოთხარეს საფლავი და ცხედრამდე მიეღწიათ,“ - თქვა ასასამ. „გავაგრძელეთ თხრა, ცხედარი ამოვიღეთ და სხვა სასაფლაოზე დავკრძალეთ,“ - ამბობს მიცვალებულის ვაჟი.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უყურებენ მოსახლეები, თუ როგორ თხრიან ადამიანები ფერდობზე მიწას. შემდეგ მათ მიაქვთ ის, რაც გვამს ჰგავს, ხოლო ისრაელი ჯარისკაცების მათ მიჰყვებიან.
Reuters-მა დაადასტურა, რომ ვიდეოს გადაღების ადგილი ასასაა.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაკრძალვა მათთან იყო შეთანხმებული და რომ ოჯახისთვის მამის ხელახლა დასაფლავება მათ არ
მოუთხოვიათ. სამხედროების თქმით, ადგილზე ჯარისკაცები გაგზავნეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ „ტერიტორიაზე ახალ მოსახლეები მიწას თხრიდნენ”.
„ჯარისკაცებმა ისრაელელ სამოქალაქო პირებს ამოსათხრელი იარაღები ჩამოართვეს და ადგილზე დარჩნენ შემდგომი უთანხმოების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადეს სამხედროებმა. მათ დასძინეს, რომ ისინი გმობენ ქმედებებს, რომლებიც არღვევენ „ცოცხლებისა და გარდაცვლილების ღირსებას“.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა დაგმო ინციდენტი.
„ეს საშინელებაა და გამოხატავს პალესტინელების დეჰუმანიზაციას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე. ის არავის ინდობს, არც მკვდარს და არც ცოცხალს“, - თქვა აჯიტ სუნგეიმ, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის პალესტინის ოფისის ხელმძღვანელმა.
სა-ნური იყო ერთ-ერთი იმ 19 დასახლებიდან, რომლების მოსახლეობა ევაკუირებული იქნა 2005 წლის ისრაელის გაყოფის გეგმის ფარგლებში, რომელიც ასევე ითვალისწინებდა ღაზიდან ისრაელი
მოსახლეებისა და ჯარების გაყვანას. ნეთანიაჰუს მთავრობამ სა-ნურის აღდგენა ერთი წლის წინ დაამტკიცა და მშენებლობა სწრაფად მიმდინარეობს, იტყობინება „მშვიდობა ახლა“, ისრაელის დასახლებების მეთვალყურე ორგანიზაცია.
იორდანეს დასავლეთი ნაპირი იმ ტერიტორიებს შორისაა, სადაც პალესტინელებს მათი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა სურთ. ისრაელი იშველიებს ამ მიწასთან ისტორიულ და ბიბლიურ კავშირებს, ასევე უსაფრთხოების საჭიროებას.
ნეთანიაჰუს მთავრობა, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, აჩქარებს დასახლებების მშენებლობას, ხოლო პალესტინელებზე ისრაელელი ახალმოსახლეების თავდასხმების მიმართ შეშფოთება საერთაშორისო მასშტაბიტთ გამოითქმის.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და საერთაშორისო თანამეგობრობის სახელმწიფოთა უმეტესობა ისრაელის დასახლებებს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე 1967 წლის ომის დროს მიტაცებულ მიწაზე უკანონოდ მიიჩნევს, რასაც ისრაელი უარყოფს.